„ონკოლოგიური მედიკამენტების კრიზისია - ეს არის პრობლემა და არა სარეკლამო SMS მიღება“

„არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს როგორც მომხმარებელს, ასევე კომპანიას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა 1-ლი მარტიდან თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS გაგზავნის შეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულად ფარმაცევტული მიმართულებით ბევრად სერიოზული პრობლემაა, ვიდრე სარეკლამო სმს გაგზავნა. კოკიაშვილის განმარტებით, მაგალითად, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები აცხადებენ, რომ მედიკამენტების კრიზისი აქვთ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე რეკლამის სმს-ით გაგზავნა.

„ონკოლოგიური მედიკამენტების, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ასევე მედიკამენტების კრიზისია, მე ვფიქრობ ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა, იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სარეკლამო სმს დაგზავნა. გუშინ ონკოპაციენტებმა აქცია მოაწყვეს, რომ მედიკამენტები არ გვაქვსო. ქრონიკულ პაციენტებს მედიკამენტები სრულად არ აქვთ. ეს არის პრობლემა, სმს მიღება არ არის პრობლემა.

სააფთიაქო ქსელებზე როცა არის საუბარი, სმს ეგზავნება პირებს, რომლებსაც გახსნილი აქვთ ლოიალობის ბარათები. მათ ნაწილობრივ თანხმობა აქვს გაცხადებული სმს მიღებაზე. მათი მონაცემები ინახება ქსელებში. როგორც მე ვიცი, წინასწარ შეტყობინება მაინც უნდა დაუგზავნონ კომპანიებმა, ეთანხმებიან თუ არა სარეკლამო შეტყობინებების მიღებას, ვისაც დააინტერესებს, ის აუცილებლად დაეთანხმება. შედეგები რაღაც პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. არ მგონია ლოიალურმა მომხმარებელმა, რომელიც ამა თუ იმ ქსელის ერთეული, უშუალო მომხმარებელი ან ენდობა მას, უარი განაცხადოს ინფორმაციის მიღებაზე. ეს განსაკუთრებით შეეხება იმ პირებს, რომლებიც კონკრეტული ქსელების მომხმარებლები არ არიან. ეს პირები მაინც ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები სააფთიაქო ქსელებით. ალბათ, ის პირები, რომლებიც კონკრეტული აფთიაქების მომხმარებლები არიან ისევ დარჩებიან ამ აფთიაქების მიმართ ერთგული“, - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სარეკლამო SMS-ების გაგზავნა თანხმობის გარეშე იკრძალება. გარდა ამისა, კონკრეტულ სექტორებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება ექნებათ.

მერი ტაბატაძე