იცოდით, რომ ანე ფრანკის ჩანაწერების 4 ვერსია არსებობს? - ინტერვიუ მთარგმნელ დავით ღოლიჯაშვილთან

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა - „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ წიგნის მაღაზიებში 19 თებერვლიდან გამოჩნდება, მანამდე კი ისევ ექსკლუზიურად მხოლოდ „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

გამოცემის ეს უნიკალური ვერსია პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ჩანაწერების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, ანე ფრანკის ჩანაწერები გოგონას მამამ - ოტო ფრანკმა 1947 წელს შემოკლებული სახით გამოსცა. მიზეზად ის მორალურ-ეთიკური საკითხები დაასახელა. ოტო ფრანკს მიაჩნდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომელსაც მისი მოზარდი ქალიშვილი ხისტად ეხებოდა, მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ, უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. 60-იანი წლების პირველი ქართული თარგმანი სწორედ აღნიშნულ ჩანაწერებს ეფუძნებოდა, ამასთან ნათარგმნი იყო თარგმანიდან, რაც ჩანაწერებს ავთენტურობას გარკვეულწილად უკარგავდა.

სრულყოფილი ვერსია ნიდერლანდური ენიდან ქართულ ენაზე მოგვიანებით ითარგმნა. აღნიშნული თარგმანი ეკუთვნის დავით ღოლიჯაშვილს, რომელმაც მკითხველისთვის ფასდაუდებელი შრომა გაწია.

თარგმანი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს გამოსცა პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“.

ძველ და ახალ თარგმანებს შორის განსხვავების, ახალი გამოცემის უნიკალურობისა და სხვა დეტალების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას თავად დავით ღოლიჯაშვილი გვიზიარებს:

რამდენად დიდია განსხვავება აქამდე გავრცელებულ გამოცემასა და ახლა გამოცემულ სრულ ვერსიას შორის? რამდენად მნიშვნელოვანი იყო შემცირებული ნაწილების ჩანაწერებში არსებობა სრული სურათის სანახავად?

ამ კითხვის პასუხის გასაცემად საჭიროა ვიცოდეთ, რომ არსებობს ანე ფრანკის დღიურის რამდენიმე ვერსია:

ვერსია A არის თავდაპირველი ვარიანტი, რომელსაც ანე უბრალოდ თავისთვის წერდა. დღიურის უდიდესი ნაწილი დაწერილი ჰქონდა, როცა ანემ რადიოში მოისმინა, რომ ომის შემდეგ აუცილებლად გამოიცემოდა ფაშისტთა ბოროტების ამსახველი დოკუმენტური მასალა, მათ შორის რიგითი მოსახლეობის დღიურები. ამით შთაგონებული ანე შეუდგა თავისი ჩანაწერების გადაწერას და დახვეწას, გარკვეული პასაჟები ამოიღო, ზოგიც ჩაამატა. ასე მოასწრო მან თავადვე შეექმნა B ვერსია, სანამ გესტაპო დაიჭერდა და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსებდა.

1947 წლის პირველ გამოცემაში, რომელიც ანეს მამამ, ოტო ფრანკმა შეადგინა, ბევრი ისეთი პასაჟი იყო ამოღებული, რომელიც იმდროინდელი ცენზურისთვის მიუღებელი იყო, რადგან სქესობრივ სიმწიფეში შემავალი მოზარდის გულახდილ ნაფიქრალს გადმოსცემდა, ან რომელსაც შეიძლება გული ეტკინა დღიურში მოხსენიებული პირების ოჯახის წევრებისთვის. ამას C ვერსიას უწოდებენ.

წინამდებარე გამოცემას კი D ვერსია ეწოდება. ესაა მაქსიმალურად სრული ვერსია, რომელიც შედგენილია უკვე ოტოს სიკვდილის შემდეგ, 1991 წელს. გარდა იმ მონაკვეთებისა, რომელსაც „ცენზურა“ მოეხსნა, მასში შესულია ოტოს მიერ დაფარული და მოგვიანებით აღმოჩენილი დღიურის გვერდებიც, სადაც ანა საუბრობს ქალის სქესობრივ თავისებურებებზე, თავისი მშობლების დაძაბულ ურთიერთობაზე, დედისადმი თავის ცივ დამოკიდებულებაზე და ა.შ.

აქამდე ქართულად ნელი ამაშუკელის მიერ შესრულებული თარგმანი არსებობდა, რომელიც ადრეული გერმანული თარგმანიდან არის გადმოქართულებული და არასრულია. ახალი D ვერსია დაახლოებით 25%-ით მეტია, ვიდრე 1947 წელს გამოცემული C ვერსია.

თქვენთვის, როგორც მთარგმნელისთვის, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ წიგნზე მუშაობას?

ანე ფრანკის „უკანა სახლი“ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ წიგნების სიაში შედის. ამიტომ, ცხადია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ წიგნის (სრული ვერსიის) თარგმნაზე მუშაობა. ეს ჩემი მთარგმნელობითი პორტფოლიოს მარგალიტია.

„ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

(R)