„სავალდებულოა, წელიწადში ერთხელ შეამოწმონ საფრენი აღჭურვილობა“ - კიდევ რა რეგულაციები მოქმედებს პარაპლანისტებისთვის

პარაგლაიდინგის ფედერაციას პილოტების კვალიფიკაციისა და საფრენი აპარატების ვარგისიანობის დადასტურება მოეთხოვება. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე აცხადებს, პილოტებისთვის სავალდებულო იქნება წელიწადში ერთხელ საფრენი აპარატების შემოწმება.

„ფედერაციას მოეთხოვება პილოტების კვალიფიკაციის დადასტურება და მათი საფრენი აპარატის ვარგისიანობის დადასტურება, ადრე ეს ხდებოდა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი იყო პილოტი. ახლა ეს პიროვნულ გადაწყვეტაზე აღარ არის დამოკიდებული. სავალდებულოა, წელიწადში ერთხელ შეამოწმონ საფრენი აღჭურვილობა და ნახევარ წელიწადში ერთხელ გადაკეცონ სათადარიგო პარაშუტი. ამას აკეთებს ფედერაცია ან უფლებამოსილი პირი და შემდეგ ფედერაცია უფლებამოსილი პირის ჩატარებულ შემოწმებას აღიარებს.

განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები არის პარაპლანისტებისთვის, რომლებიც ეწევიან კომერციულ საქმიანობას. არანაკლებ რთული მოთხოვნები აქვთ სასწავლო დაწესებულებებს, ანუ სკოლებს, რომლებმაც ფრენა უნდა ასწავლონ. ჯამში, ყველას უნდა ჰქონდეს საბუთი, რომელიც პილოტის კვალიფიკაციას ადასტურებს, სადაც წერია რომელი დონის მფრინავია. ამას აკეთებს ფედერაცია“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძე.

როგორც კაპანაძემ განმარტა, პარაპლანით ფრენების განხორციელების უფლება ამ ეტაპზე 90-მდე მფრინავს აქვს მიღებული.

იხილეთ ასევე: „ადამიანმა 3 თვე რომ ივარჯიშა, ჩათვალა, რომ ფრენა შეუძლია - ეს ასე აღარ იქნება“ - რამდენ პარაპლანისტს მიენიჭა ფრენის უფლება

მერი ტაბატაძე