სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანია აღმოჩენილი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში.

საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.