„ლაგუნას“ მიმდებარედ ახალი საგზაო ზოლი მოეწყობა

გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მოწესრიგდება გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტოსატრანსპორტო კვანძი, რომელიც ერთ-ერთი პრობლემური ადგილია დედაქალაქში, კონკრეტულად, ეს არის ლაგუნას მიმდებარე ტერიტორია.

ამ პროექტთან დაკავშირებით როგორც იცით, გასულ წელსაც ვმუშაობდით, დავამუშავეთ სხვადასხვა სქემები, ასევე გაკეთებული გვქონდა ვიდეო მოდელირებაც, თუ როგორ შეიძლებოდა აღნიშნულის მოწესრიგება, კვანძი როგორ უნდა ყოფილიყო გამართული, რომ გადაადგილება შესაძლებელი ყოფილიყო. ბევრი მიმართულებით მიმდინარეობდა განხილვა, იყო საუბარი შუქნიშნის დამატებაზე და ა.შ. თუმცა, პრობლემა ვერ გვარდებოდა ისე, როგორც იყო საჭირო და აღნიშნული საკითხების შესწავლამ კიდევ უფრო ცხადყო, რომ საჭიროა ბენზინგასამართი სადგურების აღება და დამატებითი ზოლის მოწყობა.

პროექტზე ჩვენ რამდენიმე წლის წინაც ვმუშაობდით, თუმცა მოლაპარაკებები ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან, მის ადგილმონაცვლეობაზე ვერ მოხერხდა, შემდეგ ამას დაემატა პანდემიის პერიოდი აღნიშნული პროექტი დროებითი იყო შეჩერებული",- განაცხადა კალაძემ.

თუმცა, როგორც აღინიშნა, შეთანხმება უკვე მიღწეულია და გმირთა მოედნიდან სანაპიროზე ჩამსვლელი სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება იწყება. მთავრობის სხდომაზე, ქონების ადგილმონაცვლეობის საკითხს განიხილავენ, შედეგად კი, ახლო მომავალში დაიწყება სადგურების დემონტაჟი და მოეწყობა დამატებითი საგზაო ზოლი.

თაია არდოტელი