ავსტრია „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას გაწყვეტს

ოფიციალური ვენა რუსული გაზის მიწოდების ხელშეკრულებებიდან გასვლისთვის უნდა მოემზადოს, რომლებიც ავსტრიულ ნავთობისა და გაზის კონცერნ OMV-ს „გაზპრომთან“ აქვს გაფორმებული. ამის შესახებ ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრ ლეონორე გევესლერმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ OMV-ის ხელშეკრულებებიდან გასასვლელად. ეს გრძელვადიანი კონტრაქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის მიღებას გვავალდებულებს, გახდა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსული გაზის წილი ჩვენს ქვეყანაში ასეთი დიდია,“ - აცხადებს მინისტრი.

გევესლერმა დასძინა, რომ მისი სამინისტრო ექსპერტებს დაავალებს, კონტრაქტებიდან პოტენციური გასვლის ეკონომიკური შედეგები გააანალიზონ. მინისტრი აცხადებს, რომ „გაზპრომმა“ 2022 წელს მიწოდების მოცულობა ცალმხრივად შეამცირა, მაშინ, როცა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე ხელშეკრულების ვადა 2024 წლის შემდეგ იწურება.

„თუ ერთ-ერთი მხარე პირობას არ ასრულებს, მაშინ ჩვენ არა მხოლოდ უნდა გავაანალიზოთ, არამედ უნდა ვიმოქმედოთ და ამ კონტრაქტებიდან გავიდეთ,“ - ამბობს მინისტრი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ