„ტაქსისტთა დიდი ნაწილი ულიცენზიოდ მუშაობს, ბაზარზე სერიოზული კონკურენციაა“ - ტაქსების ფედერაცია

ტაქსისტთა დიდი ნაწილი ულიცენზიოდ მუშაობს - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „საქართველოს ტაქსების ფედერაციის“ დამფუძნებელი, ზურა აგლაძე და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივით გამოდის..

„ტაქსისტთა დიდი ნაწილი დღესდღეობით ულიცენზიოდ მუშაობს, მე რომ მკითხო, ამ მიმართულებით უფრო გავამკაცრებდი რეგულაციებს, რადგან აპლიკაციებში ტაქსისტად დარეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ლიცენზიის გარეშე. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ის სფერო, სადაც მანქანით კარტოფილი გადააქვთ. საქმე ეხება ცოცხალი ადამიანის გადაყვანას“, - განაცხადა ზურა აგლაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ამის გარდა, ფედერაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ თბილისს ძალიან სპეციფიური მდებარეობა აქვს, რაც იწვევს ქალაქში გადაადგილების პრობლემის გაჩენას.

„ტაქსს პიკის საათებში ფაქტობრივად, ვერ გამოიძახებთ. ანუ მოთხოვნა სრულად არ კმაყოფილდება ტაქსების კუთხით. უნდათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად იყოს გამართული, მაგრამ თბილისს სპეციფიური მდებარეობა აქვს, მდინარის გასწვრივაა აშენებული მთელი ქალაქი. არის ვიწრო ქუჩები, ოჯახებში 3-4 მანქანა ყავთ, შესაბამისად, ქალაქი გადატვირთულია, მაგრამ რამენაირად ეს უნდა დაბალანსდეს“, - ამბობს ზურა აგლაძე.

მისივე თქმით, თბილისში ტაქსის ლიცენზიების შემოღებას ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა, ვინაიდან ტაქსისტობა პროფესიად ჩამოყალიბდა, ხოლო მომხმარებლები, მათ შორის ტურისტები, ბევრად კმაყოფილები არიან.

„ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მომსახურებით ყველა მაქსიმალურად კმაყოფილი იყოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თბილისი ტურისტული ქალაქია და ძალიან ბევრი ტურისტისგან ვისმენდით, რომ ჩვენთან ძალიან ცუდი ტაქსები იყო. ეს სიტუაცია ლიცენზიების შემოღებამ გამოასწორა, ვინაიდან ახლა ადამიანებს არჩევანი აქვთ და ტაქსების სფეროშიც უკვე სერიოზული კონკურენცია არსებობს“, - თქვა ფედერაციის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა. შესაბამისად, თეთრი ფერის ტაქსები A კატეგორიას მიეკუთვნებიან, მანათობლის გარეშე მოძრავი ტაქსები, რომლებიც აპლიკაციის მეშვეობით ემსახურებიან მგზავრებს, B კატეგორიას.

უკვე 2023 წლის 20 მარტიდან თბილისის მერიამ შეწყვიტა ერთწლიანი ვადით A კატეგორიის ნებართვის გაცემა, ხოლო 1 აპრილიდან დაინერგა ახალი სისტემა, რომლითაც უვადო ნებართვის აღება შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვინც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, 2023 წლის 20 მარტამდე ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვას. A კატეგორიის ნებართვა გახდა უვადო, ხოლო მიღებული ნებართვის გაქირავება, ან გაყიდვა, შესაძლებელია.

ბაჩანა ტყემალაძე