ფონდი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს თანადგომას უწევს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ბევრი თავგანწირვისა და გმირობის ამბავი ახსოვს, რომელსაც თაობებს ვუნახავთ. ამასთანავე, ჩვენ შორის ცხოვრობენ გმირები, რომელთაც თავიანთი ჯანმრთელობა ჩვენი ქვეყნის დაცვას შესწირეს.

ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საქართველოს თავისუფლებას გმირულად იცავენ და მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში.

იმისათვის, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა კიდევ უფრო კოორდინირებულად აღმოუჩინოს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მებრძოლ გმირებს და ამ პროცესში თითოეულ მოქალაქეს მიეცეს საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, 2018 წელს კომპანია „სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დააფუძნა. ფონდი თავის საქმიანობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული მემორანდუმების საფუძველზე წარმართავს. გაცემული დახმარებების ნაწილი სწორედ მთავრობასთან ერთობლივი თანადაფინანსებებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქე მნიშვნელოვანი შემოწირულებებით შეუერთდა ფონდის საქმიანობას. „სილქნეტი“ ფონდის მთავარი დონორია და მას ყოველწლიურად 30 000 ლარით აფინანსებს. კერძო სექტორისა და მოქალაქეების საერთო ძალისხმევითა და მთავრობის თანადაფინანსებით, დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა.

დაარსებიდან დღემდე ფონდი 370-მდე ბენეფიციარს დაუდგა მხარში. ეს ადამიანები არიან ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები. მათი ნაწილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა, ნაწილი კი - საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა საქართველოს, როგორც მოკავშირე ქვეყნის სახელით. მათ მიღებული აქვთ მრავლობითი მძიმე ჭრილობები და ესაჭიროებათ მუდმივი მკურნალობა, რაც მოიცავს ოპერაციებს, სამედიცინო კვლევებს, პროთეზირებას, სარეაბილიტაციო კურსებს და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ყოველივე ამას ფონდი აფინანსებს შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. 2018 წლიდან დღემდე ფონდის მიერ დაფინანსებულია:

  • 101 ოპერაცია. მათი დიდი წილი საზღვარგარეთ ჩატარდა და ჯამში გაწეული დაფინანსება 1 700 000 ლარამდე აღწევს;
  • 25 სარეაბილიტაციო კურსი, რომელთა საერთო ღირებულება 40 500 ლარზე მეტია;
  • 53 ბენეფიციარის არასრულწლოვანი შვილის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, ასევე, სასწავლო კურსები უცხო ენისა თუ IT და სხვა მიმართულებით, რამაც ჯამში 154 000 ლარი შეადგინა;
  • 136 000 ლარის ღირებულების 52 სამედიცინო მომსახურება;
  • 86 ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფა 114 500 ლარით;
  • უცხო ენის სასწავლო კურსები, ასევე სხვადასხვა ხელობისა და საუნივერსიტეტო პროგრამის საფასური (ყოველივე ეს ემსახურება ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ გადამზადებას და მათ უკეთ ინტეგრაციას საზოგადოებაში);
  • ძვირადღირებული პროთეზირებები 28 000 ლარითა და 30 000 აშშ დოლარით;
  • გარდა ამისა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, ეტლისა თუ სამედიცინო ინვენტარის შეძენა და სხვა, რაზეც ჯამში 30 000 ლარამდე თანხაა დახარჯული;
  • ფონდის მიერ ასევე, დაფინანსდა ომის ვეტერანთა ჰოსპიტლისთვის საჭირო თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა 121 000 ლარით.

ფონდმა, ასევე, ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ „Invictus Games Foundation“-თან თანამშრომლობით დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის შეიძინა მჯდომარე კალათბურთის 10 ეტლი.

მიმდინარე წელს უკვე 75 000 ლარი დაიხარჯა დამატებით სამედიცინო მომსახურებისა და სხვადასხვა საჭიროებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების კონტრიბუცია ყოველწლიურად იზრდება, რაც საშუალებას აძლევს ფონდს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, ვინც მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო, აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დააფინანსოს მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსები, ოპერაციები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსები და სხვა.

როგორც ფონდში განმარტავენ, ორგანიზაციის საქმიანობას დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 100-მდე კერძო პირი შეუერთდა. ამასთან, 2018 წლიდან დღემდე 65 კომპანია შეუერთდა ფონდის საქმიანობას. მათ მიერ შემოწირული თანხების ჯამი დღეისთვის მილიონ ლარზე მეტია.

„ნებისმიერი თანხის დონაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის ირგვლივ გასაერთიანებლად. ინდივიდუალური შემოწირულებების ჯამი 400 000 ლარია. ფონდის გზავნილია, გაერთიანდეს საზოგადოება ფონდის ირგვლივ ვისაც როგორ შეუძლია და თუნდაც ერთი ლარი გადაიხადოს ფონდის საქმიანობისთვის. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ამ საკითხის ირგვლივ ნიშნავს იმას, რომ სათანადოდ ფასდება სამშობლოს დამცველთა ღვაწლი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა გაიღეს ქვეყნისთვის. ბევრი გმირულად იბრძოდა და სამწუხაროდ, დაეცა ბრძოლის ველზე. ბევრი კი, საბედნიეროდ, დღეს ჩვენს გვერდით არიან, თუმცა მათ ფიზიკურ და სულიერ ტრავმებთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ საზოგადოების მხრიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური პირების ჩართულობა, რათა არა მხოლოდ ბიზნესისა და სახელმწიფოს მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდანაც იყოს სათანადო ცნობიერება, იმისათვის, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ყველამ ერთად სამშობლოს დამცველი დაჭრილი მებრძოლების ღირსეული ყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორებიც არიან საფრანგეთის საელჩო, დიდი ბრიტანეთის საელჩო, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია, ნატოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფი და ნატოს სამეკავშირეო ოფისი. მათ მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიებები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები და აუქციონები ფასდაუდებელი მხარდაჭერაა ფონდისთვის“, - აღნიშნავენ დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

ფონდი თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ საქველმოქმედო ბრიტანულ ფონდ Invictus Games Foundation-თან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ბრიტანული ფონდისგან მიიღო გრანტი, რითაც ორგანიზაციამ შეიძინა მჯდომარე კალათბურთის ეტლები დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ძლიერთა თამაშებში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ფონდში განმარტავენ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციასთან იგეგმება თანამშრომლობა. ასევე, აქტიურად გაგრძელდება საქართველოში წარმოდგენილ დიპლომატიურ მისიებთან და ორგანიზაციებთან პარტნიორობა.

„გარდა ამისა, „დაჭრილ მებრძოლა თანადგომის ფონდი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას დაჭრილთა მეუღლეების მხარდასაჭერი პროექტის გასავითარებლად, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ამ საკითხებში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან - UN Women. ასევე, ფონდმა გასულ წელს დააფინანსა საპილოტე პროგრამა ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. მიმდინარე წელს ფონდი განიხილავს ამ საპილოტე პროგრამის შედეგებს და იმუშავებს სრულფასოვანი სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი მეტად კომპლექსურია და ფინანსურ სახსრებთან ერთად, პროფესიონალთა ჩართულობას მოითხოვს. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გამგეობაში ჩამოყალიბებულია მრჩეველთა საბჭო, რომელსაც წარმოადგენენ ვეტერანთა მენტალური მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ამერიკელი პროფესიონალები. მათი დახმარებით ფონდი გეგმავს ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას“, - განმარტეს დაჭრილ მებრძოლთა ფონდში.

აღსანიშნავია, რომ ფონდის საქმიანობაში ჩართვა და ქვეყნისთვის მებრძოლი გმირებისთვის მხარდაჭერის გაწევა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

(R)