აუდიტის სამსახურის ანგარიში - აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი არსებითად არ გაზრდილა

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი, პროგრამის ფუნქციონირების განმავლობაში, არსებითად არ გაზრდილა - დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს, - ამის შესახებ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებასა და მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფის სხდომაზე წარადგენს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ამ გარემოების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მთლიან სადაზღვევო პორტფელში რამდენიმე ძირითადი რეგიონისა და კულტურის ძალიან მაღალი (71%-იანი) წილია.

ანგარიშის თანახმად, კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს მასშტაბით ფერმერებისთვის რელევანტური სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება და რეალიზაცია.

„აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 73 მლნ ლარი. პროგრამაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებდა საშუალოდ 11,7 ათასი ბენეფიციარი, ჯამში − 95 ათასამდე პირი. პროგრამის შედეგად 33 847 დაზარალებულ ფერმერს აუნაზღაურდა 66.1 მლნ ლარის ზარალი, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია; დადებითი ტენდენციის მიუხედავად, პროგრამა გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, კერძოდ:

2014-დან 2021 წლამდე დაგეგმილი იყო აგროდაზღვევით სასოფლო-სამეურნეო ფართობების და ფერმერების მოცვის მაჩვენებლების ეტაპობრივი ზრდა, თუმცა დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მაღალი წილის მიუხედავად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი პროგრამის ფუნქციონირების განმავლობაში არსებითად არ გაზრდილა. დაზღვეული მიწის ფართობი მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს.

აღნიშნული გარემოების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია რამდენიმე ძირითადი რეგიონისა და კულტურის ძალიან მაღალი (71%-იანი) წილი მთლიან სადაზღვევო პორტფელში. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს მასშტაბით ფერმერებისთვის რელევანტური სადაზღვევო პროდუქტების შემუშავება და რეალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო სისტემა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება და მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის საჭირო ინფორმაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ბაზის შექმნის პროცესი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა, რომელიც 2014-დან 2021 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ სოფლის განვითარების სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.