საზღვაო სატრანსპორტო სფეროში ჯარიმები დაწესდება - რა წერია კანონპროექტში

სანავსადგურე წყლებში, მოძრაობის გამყოფ სისტემაში და სპეციალურ დერეფნებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა დადგინდება.

როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტში ვკითხულობთ, ჯარიმა განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ნავსადგურის შემოწმების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გემის ნავსადგურში შესვლისა და გამოსვლის, გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობისა და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა კაპიტანს დაეკისრება.

აღნიშნული ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • სანავსადგურე ერთეულში დატვირთვის, გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობის და შენახვის წესების დარღვევისთვის - 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე;
  • საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის - 10 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე;
  • სანავსადგურე ერთეულის მიერ საზღვაო უშიშროების წესების დარღვევისთვის - 5 000 ლარიდან 20 000 ლარამდე;
  • სანავსადგურე ობიექტის მიერ საზღვაო უშიშროების წესების დარღვევისთვის - 2 500 ლარიდან 10000 ლარამდე;
  • გემის მიერ საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების წესების დარღვევისთვის - 5000 ლარის ოდენობით;
  • გემის უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების დარღვევისთვის - 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე;
  • სანავსადგურე ერთეულის მიერ სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე სწავლებისა და ინსტრუქტაჟის წესების დარღვევისთვის - 10 000 ლარის ოდენობით;
  • სანავსადგურე ერთეულის მიერ აკვატორიის სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობების დაუცველობისთვის - 10 000 ლარის ოდენობით;
  • შიდა ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი აღიარებული ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილების და ფუნქციონირების წესის დარღვევისთვის - 20 000 ლარიდან 25 000 ლარამდე;
  • სალოცმანო საქმიანობის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარიდან 10 000 ლარამდე;
  • გემის აგენტის მიერ გემის სანავსადგურე ერთეულში შესვლის ან/და სანავსადგურე ერთეულიდან გასვლის გაფორმების წესის დარღვევისთვის - 1000 ლარის ოდენობით;
  • სანავსადგურე ერთეულის/ტერმინალის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევისთვის - 1 000 ლარის ოდენობით 15 000 ლარამდე;
  • იახტკლუბის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის - 10 000 ლარის ოდენობით.

ცნობისთვის, კანონპროექტი 2023 წლის დეკემბერში წარედგინა პარლამენტს. ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.

მერი ტაბატაძე