ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელიც ქართულ ტანსაცმელს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის

2023 წელს ტანსაცმლის ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. გასულ წელს საქართველოში წარმოებული 141 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა ექსპორტზე, 2022 წელს კი 150 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების. ქართული წარმოების ტანსაცმელი ძირითადად თურქეთში, იტალიაში, ჩეხეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ბულგარეთში გავიდა.

გთავაზობთ საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული Top-10 ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის შესახებ ინფორმაციას, რომელთაც 2023 წელს ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელეს.

  • შპს „BTM-TEXTILE“ 2006 წელს არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიას 3 დირექტორი ჰყავს. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი თურქეთის მოქალაქე ქენან აღირბაშია, მეორე ალი მურათ თურქმენი, რომელსაც ორმაგი - საქართველოს და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მესამე ზაფერ ვერალი, რომელსაც ასევე ორმაგი მოქალაქეობა აქვს (თურქეთი/საქართველო). აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქული სააქციო საზოგადოება ATKTEKSTIL SANAYI VE TECARET-ია.
  • შპს „აჭარა ტექსტილე“ იმ კომპანიების ათეულშია, რომელმაც გასულ წელს საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტზე დიდი რაოდენობის ტანსაცმელი გაიტანა. კომპანია რეგისტრირებულია 2008 წელს, ბოლო მონაცემებით, კომპანიას 4 დირექტორი ჰყავს: ორჰან ოღრუნჩი (თურქეთის მოქალაქე), - ონურ სეზერი (თურქეთის მოქალაქე), გია ლომინაძე და დათო ჯაიანი. კომპანიის მფლობელია თურქული ს.ს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთია“.
  • ათეულში კიდევ ერთი კომპანიაა - შპს „ემ ეს ტექსტილეა“, კომპანია რეგისტრირებულია 2021 წლის ოქტომბერში. საჯარო რეესტრიის მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მურათ სარიქაიაა.
  • შპს „ოზურგეთი დენიმ“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომელიც საქართველოში წარმოებულ დიდი რაოდენობით ტანსაცმელს საზღვარგარეთ ყიდის. კომპანია 2017 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე თურქეთის მოქალაქე ერქან ბაიქანია, ხოლო დირექტორი ასევე თურქეთის მოქალაქე ბირქან აქსუ.
  • შპს „ტუანა ტექსტილიც“ თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის. კომპანია 2017 წელს დარეგირტრირდა. 2023 წლის დოკუმენტების მიხედვით კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეც და დირექტორიც ბეჰზათ ფირათია.
  • შპს „ფაინტექს“ 2022 წელს არის რეგისტრირებული და ბოლო ინფორმაციაც იმავე წელს განახლდა. კერძოდ, კომპანიის დირექტორი დავით ჯინჭარაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე მუსტაფა სულეიმანი, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა აქვს.
  • შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. რეესტრის ინფორმაციის თანახმად, კონპანიის 100%-იან წილს ფლობს სააქციო საზოგადოება იმთექს გიიმ სანაი ვე თიჯარეთ (თურქეთი), ხოლო დირექტორი თურქეთის მოქალაქე ალი შაჰინა.
  • შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს, კომპანიის შესახებ ინფორმაცია 2023 წელს განახლდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეც და მეწილეც სალომე შარაძეა.
  • შპს „ემჯიტექს“ საჯარო რეესტრში 2020 წელს არის რეგისტრირებული, ბოლო ინფორმაცია 2023 წელს განახლდა. ამ ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი დავითი გრიგალაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე მარიამი გურგენიძე.
  • სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ კიდევ ერთი კომპანიაა, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის ქართული წარმოების ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. კომპანია რეგისტრირებულია 1996 წელს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის დირექტორი გიორგი ჩიხლაძეა. reportal.ge-ზე განთავსებული აღნიშნული კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „იმერს“ ჰყავს 936 აქციონერი, საიდანაც 87,87%-ს ფლობს 10 აქციონერი:

1. სიმონიძე მაია - 14.86%

2. გვენეტაძე ზაზა - 10.56%

3. ხაჩიძე ლიანა - 10.36%

4. ჩიხლაძე გიორგი - 10.34%

5. აბულაძე ნანა, ნიკიფი მამუკა, ნიკიფი ზვიადი (თანამესაკუთრეები) - 10.34%

6. ლომიძე უშანგი - 10.31

7. ელბაქიძე ლელა - 6.07%

8. სანოძე ცისანა - 5.03%

9. კახიანი ინგა - 5%

10. კახიანი ხათუნა - 5%

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული ტანსაცმლის ღირებულებამ 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტის ჩათვლით), საქართველოდან ჯამში 161 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა.

იხილეთ ასევე: 2023 წელს საქართველოში 346 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი შემოვიდა

მერი ტაბატაძე