ევროკავშირი სუფთა ენერგიის განვითარებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობას გაზრდის - ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი სუფთა ენერგიის განვითარებისთვის საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან თანამშრომლობას გაზრდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარიზში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ენერგიის ხელმისაწვდომობა და ამის მიღწევა მხოლოდ პარტნიორებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი... ეს, პირველ რიგში, ნიშნავს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი კავშირის მომავალ წევრებთან, როგორიც არის დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო,“ - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.

ამასთან, მან გამოთქვა რწმენა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში IEA-ს როლი გაიზრდება.

„წიაღისეული საწვავის ძველი ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულებაზე არის დაფუძნებული, ხოლო სუფთა ენერგიის ახალი ეკონომიკა მთლიანად ურთიერთდამოკიდებულებას ეფუძნება,“ - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, სუფთა ენერგიის წარმოება ინვესტიციებს, ინფრასტრუქტურასა და ინოვაციებს მოითხოვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ