ბაქო-თბილისი-ერზრუმით აზერბაიჯანული მთლიანი ტრანსპორტირებული გაზის 54,8% გადაიქაჩა

გასულ წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით (სამხრეთ კავკასიის გაზსადენით) აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრასპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 54,8% გადაიქაჩა. ინფორმაციას სააგენტო Trend ავრცელებს.

კერძოდ, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 21,800.1 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 4,7%-ით მეტია.

მთლიანობაში, გასულ წელს აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 39,806.9 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა ტრანსპორტირებული, რაც, 2022 წელთან შედარებით, 1,4%-ით მეტია.

საქართველოში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი სწორედ სამხრეთკავკასიური, იგივე, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით ხდება. მას „შაჰდენიზის გაზსადენსაც“ უწოდებენ, რადგან ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან იწყება. გაზსადენში პირველი საცდელი ბუნებრივი აირი 2006 წლის 21 მაისს სანგაჩალის ტერმინალიდან ჩაიტვირთა. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.

გაზსადენი ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით 2004-2006 წლებში იმავე კორიდორში აშენდა, სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანეს. მისი სიგრძე 970 კმ-ია, საიდანაც 442 კმ აზერბაიჯანის, 248 კმ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო 280 კმ ქართულ-თურქულ საზღვარზე ერზრუმამდე გადის.

გაზსადენის ძირითადი დამფინანსებლები „ბრიტიშ პეტროლიუმი“ (BP) და ნორვეგიული Equinor-ია (ყოფილი Statoil). კონსორციუმის მეწილეები არიან: BP (გაერთიანებული სამეფო) 25,50%, Equinor (ნორვეგია) 25,50%, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) 10,00%, LukAgip (რუსეთი/იტალია) 10,00%, TotalFinaElf (საფრანგეთი) 10,00%, Oil Industries Engineering and Construction (OIEC) (ირანი) 10,00%, Turkiye Petrolleri Anonim Ortakligi (TPAO) (თურქეთი) 9,00%. გაზსადენის ტექნიკური ოპერატორი BP, ხოლო კომერციული ოპერატორი Equinor-ია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ