„მერე მოსახლეობა ვეღარ ყიდულობს“ – „მაღაზიებში სატაცურზე ფასნამატი 30-50%-მდეა “

„არასეზონურად უფრო ძვირია, თუმცა, სუპერმარკეტებიც ძალიან ბევრს უმატებენ. მაღაზიებში სატაცურზე 30-50%-მდეა ფასნამატი“,- ამის შესახებ კოოპერატივი „რკ ოზაანის“ დამფუძნებელმა ჯაბა გოგოლაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სეზონზე კომპანია 1 კგ პროდუქტს საბითუმო ფასად, 11- 13 ლარად ყიდის, თუმცა მაღაზიებში გაცილებით ძვირია.

ამასთან, ჯაბა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ არასეზონურად ზოგჯერ მცირე რაოდენობები იმპორტითაც შემოდის, რაც ადგილობრივ პროდუქტზე ძვირია.

„ძირითადად დიდ ჰიპერმარკეტებში შევდივართ. ჩვენი საბითუმო ფასი არის 11-დან 13 ლარამდე, სეზონის დასაწყისში. რა თქმა უნდა, არასეზონურად უფრო ძვირია, თუმცა, სუპერმარკეტებიც ძალიან ბევრს უმატებენ. მაღაზიებში სატაცურზე 30-50%-მდეა ფასნამატი.

მიწოდებაზე და შეტანაზე პრობლემა არ გაქვს და ვერც იმას ვეუბნებით, რა ფასად უნდა გაყიდონ, მათაც თავისი ხარჯები აქვთ. მაგრამ რამდენჯერმე გამოვხტე ჩემი უკმაყოფილება ფასთან დაკავშირებით, მერე მოსახლეობა ვეღარ ყიდულობს, 30 ლარი როგორ გინდა გადაიხადო. მაგრამ გვეუბნებიან, ჩვენ ფასი გვაქვსო“,-აღნიშნავს ჯაბა გოგოლაშვილი.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. ჯაბა გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 30 000 ლარია.

ნინი ქეთელაური