ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით გაიზარდა

იანვარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 2,486.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელზე 1,9%-ით ნაკლებია. ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში წერია.

იანვარში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით ტრანსპორტირებული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან 76% ბთჯ-ის მილსადენით გადაიქაჩა.

უწყების ცნობით, იანვარში ბთჯ-ით გადაზიდული მთლიანი ნავთობის 82,7%, ანუ 2,55.3 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობია, რაც, წინა წლის იანვართან შედარებით, 5%-ით ნაკლებია.

ამასთან, ბთჯ-ით ტრანსპორტირებულმა ყაზახეთისა და თურქმენეთის ტრანზიტული ნავთობის წილმა მთლიანი მოცულობის 17,3%, ანუ 430,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარზე 16,2% -ით მეტია.

2023 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ წინა წელზე 1,5%-ით მეტი, ანუ 30,191.6 მლნ ტონა შეადგინა. მათ შორის 17,4%, ანუ 5,240.7 მლნ ტონა ყაზახეთისა და თურქმენეთის სატრანზიტო ნავთობი იყო, რაც 2022 წელზე 2,7%-ით მეტია.

ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

თუმცა ნორვეგიული ნავთობკომპანია, Equinor (EQNR.OL) აზერბაიჯანიდან გადის და როგორც ბთჯ-ში კუთვნილ წილებს, ისე აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოში თავის აქტივებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია SOCAR-ზე ყიდის. გარიგება მხარეთა რიგი ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩაითვლება დასრულებულად.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ