"შხამ-ქიმიკატების გამოყენება აკრძალული მაქვს“ - რა ღირს ბიო მეთოდებით მოყვანილი ვაშლის ძმარი

ფერმერი ტარიელ გურგენიძე, რომელიც გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში ვაშლის ძმრის წარმოებით არის დაკავებული, ბოლო დროს პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, წარმოების მოცულობა საკმაოდ გაიზარდა, ამიტომ უახლოეს მომავალში ის ადამიანების დასაქმებასაც გეგმავს.

„2017 წლის ბოლოს ჩემი ბიზნეს-იდეა, ნატურალური ვაშლის ძმრის წარმოების შესახებ, ჰუმანიტარულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „აფხაზეთი“ 1 200 ევროდ დააფინანსა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემეძინა 6 ტონა რეზერვუარი. ჩემმა შვილმა შემიძინა დანადგარი, რომელიც ვაშლს ჭრიდა და წურავდა, შესაბამისად, გადავწყვიტე დამეწყო წარმოება 6 ტონის მოცულობამდე.

ჩემი ვაშლის ძმარი ძალიან მალე გახდა პოპულარული, იმდენადაც კი, რომ 2021 წლიდან უცხოეთიდანაც გამიჩნდა კლიენტი“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.

მისი თქმით, გაზრდილმა მოთხოვნილებამ დღის წესრიგში გაფართოება დააყენა. „ვიყიდე დამატებითი რეზერვუარები და დღეს უკვე 15-დან 20 ტონამდე ძმარს ვაწარმოებ. წელს შემოდგომაზე ვეცდები, რომ კიდევ ვიყიდო 5 ტონის რეზერვუარი და ჩემი ვაშლის ბაღი მთლიანად ძმრის საწარმოებლად გამოვიყენო“, - აცხადებს იგი.

ფერმერი აღნიშნავს, რომ ძმარს არა არასტანდარტული ვაშლისგან, არამედ ხეზე მოკრეფილი, ბიო მეთოდებით მოყვანილ ვაშლისგან ამზადებს. „საშიში შხამ-ქიმიკატების გამოყენება აბსოლუტურად აკრძალული მაქვს. შესაბამისად, რადგან კომერციული დაინეტერსება ვაშლისგან არ მაქვს, მის გარეგნულ მხარეს ყურადღებას არ ვაქცევ“, - ყვება იგი.

ტარიელ გურგენიძე ამბობს, რომ 15 ტონის ზემოთ მარტო წარმოება რთულია, ამიტომ უახლოეს მომავალში ის რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც გეგმავს.

მისი თქმით, ვაშლის ძმრის რეალიზაცია ქსელურ მაღაზიებში არ ხდება, რადგან დახლზე მოხვედრამდე ის უამრავი ეტაპის გავლას საჭიროებს, რისი რესურსიც მას არ გააჩნია, ამიტომ ძმარს ის ადგილზე ყიდის და კლიენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს, მათ შორის აფხაზეთიდანაც.

„რაც შეეხება ფასს, 2017 წლიდან, როდესაც ეს ბიზნესი დავიწყე, 1 ლიტრი ვაშლის ძმარი 5 ლარი იყო, თუმცა უკვე შარშან, როდესაც ყველაფრის ფასმა მოიმატა, ინფლაციაც მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა და მეც 15 ტონის საწარმოებლად მეტი რესურსი მჭირდებოდა, იძულებული გავხდი, გამეძვირებინა. ამჟამად 1 ლიტრი ძმარი 10 ლარი ღირს“, - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.

ეკა დარჩიაშვილი