„ეკონომიკური აქტივობა იმ ტემპით აღარ იზრდება, როგორც გასულ წლებში“ - რატომ მცირდება ექსპორტ/იმპორტი

„იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, წელს მივიღეთ კლება“ - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი პაპავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქსტატის წინასწარ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, იანვარში ექსპორტი და იმპორტი შემცირდა.

პაპავა განმარტავს იანვარში ექსპორტის 26.3%-ით შემცირების მიზეზებსაც. მისი თქმით, გასულ წელს შეინიშნებოდა ექსპორტში ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წილის შემცირების ტენდენცია. მაგალითად, გასულ წლებში ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტს 70%-მდე წილი ეკავა, ბოლო 10 თვეში კი აღნიშნული მაჩვენებელი 45%-ის ფარგლებში მერყეობდა.

„ეკონომიკური აქტივობა იმ ტემპით აღარ იზრდება, როგორც გასულ წლებში. იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, მივიღეთ წელს კლება. ორი მნიშვნელოვანი ნაწილია აქ - ერთი ის რომ, ექსპორტი უფრო სწრაფი ტემპით დაეცა, ვიდრე იმპორტი და ეს საკმაოდ საყურადღებო ფაქტია.

მეორე უკავშირდება პირველი თვის მონაცემებს, მაგრამ შარშან საქართველოს ექსპორტს რომ დავუკვირდეთ, შეინიშნება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ადგილობრივი პროდუქციის წილი ექსპორტში, რომელიც თავის მხრივ რეექსპორტსაც მოიცავს, არის ძალიან შემცირებული. თუ გასულ წლებში იყო ხოლმე 70%-ის მიდამოებში, ხან მეტი ხან ნაკლები, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის წილი შემცირდა 50%-ის ქვევით. ბოლო 10 თვე, მოყოლებული მარტიდან, 45%-ის ფარგლებში მერყეობდა“, - ამბობს გიორგი პაპავა.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი ექსპორტის მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ წლებში ექსპორტის ზრდა ადგილობრივი წარმოების პროდუქტის კონკურენტუნარიანობით არ იყო გამოწვეული, რაც, მისი თქმით, დასაფიქრებელია.

„ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ზრდა რაც ექსპორტში გვქონდა, არ იყო ადგილობრივი პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გამო, ეს საკმაოდ დასაფიქრებელია. ჯერ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა გასული პირველი თვის მონაცემების, მაგრამ თუ ეს ტრენდი შენარჩუნდა, ალბათ, დამატებითი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ საკითხს, იმიტომ, რომ როდესაც საგარეო ვაჭრობის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ ქვეყნის განვითარებისთვის, ექსპორტი ძალიან დიდი ფულია ამ ნაწილში, განსაკუთრებით ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ექსპორტი. რეექსპორტი, ცხადია, ცუდი არ არის და დამატებით დოვლათს ნიშნავს ქვეყნისთვის, მაგრამ კონკურენტუნარიანობა ადგილობრივი ეკონომიკის უფრო კარგად ჩანს ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტში“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარში, საქონლის საგარეო ვაჭრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9%-ით შემცირდა და 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საგრძნობლად არის ექსპორტი შემცირებული, კერძოდ, იანვარში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.3%-ით შემცირდა და 338.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.2%-ით შემცირდა და 1 001.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

მერი ტაბატაძე