განგაშის სისტემა შედეგების ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური - გარემოს ეროვნული სააგენტო ნერგეეთზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყრულმა მასამ დასახლებულ პუნქტამდე 30-40 წამში მიაღწია - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის დასკვნაში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განგაშის სისტემის მოწყობა, დროის ფაქტორის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.

„მეწყრული სხეული განვითარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე. სოფ. ნერგეეთში, 2024 წლის 7 თებერვალს, კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარების ძირითადი ფაქტორებია - ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული 13 პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება. აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა.

მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3 - ია. მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი. მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს.

მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები. პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის რეკომენდაციებში.

მერი ტაბატაძე