Visa-მ შესაძლოა, ფიფა-სთან კონტრაქტი გაწყვიტოს

ამერიკულმა კომპანია Visa-მ, რომელიც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) სპონსორია, შესაძლოა ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან კონტრაქტი გაწყვიტოს, თუ FIFA მის გარშემო ატეხილ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით საჭირო ზომებს არ მიიღებს.

”როგორც სპონსორი, ველოდებით, რომ ფიფა დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს ორგანიზაციაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სასპონსორო კონტრაქტს გადავხედავთ”, - ნათქვამია Visa-ს განცხადებაში. ამასთან ერთად, ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ფიფა-მ გარდატეხა ეთიკური ნორმების დაწესებით უნდა დაიწყოს, რათა გულშემატკივრის თვალში შელახული რეპუტაცია აღიდგინოს.

გუშინ შვეიცარიის პოლიციამ ქალაქ ციურიხში ფიფა-ს შვიდი ხელმძღვანელი პირი დააკავა, მათ შორის ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი უები. აშშ-ის საგამოძიებო ორგანოების ცნობით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირები ქრთამის სახით ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღებაში არიან ბრალდებულები. პარალელურად, ფიფა-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ შვეიცარიელმა პროკურორებმაც აღძრეს საქმე. ისინი 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. აღნიშნულ საქმეებში სულ 14 პირი ფიგურირებს, თუმცა, მათ შორის არ არის თავად ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი.