ევროკავშირმა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა 3-ჯერ შეამცირა

ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის შესყიდვები 2022 წლის 90 მლრდ ევროდან 2023 წელს 29,1 მლრდ ევრომდე შეამცირა, ანუ შესყიდვები ღირებულების თვალსაზრისით წლის განმავლობაში სამჯერ დაეცა. მონაცემებს Eurostat აქვეყნებს.

2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან რუსეთში ექსპორტი 30,4%-ით, ანუ 50 მლრდ ევროდან 38,3 მლრდ ევრომდე, ხოლო რუსული საქონლის იმპორტი 75%-ით, 202,7 მლრდ ევროდან 50,6 მლრდ ევრომდე შემცირდა. 2021 წლის სანქციებამდელ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 2,8-ჯერ დაეცა.

Eurostat-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 16,7 მლრდ ევროს აირისებრი ნახშირწყალბადები, მათ შორის, მილსადენისა და თხევადი გაზი (LNG) შეიტანა, რაც 2022 წელზე 2,9-ჯერ ნაკლებია.

იმის მიუხედავად, რომ რუსული მილსადენის გაზისა და LNG-ის მიწოდებაზე შეზღუდვები არ მოქმედებს, 2023 წლის შედეგებით ევროკავშირის გაზის იმპორტში რუსული ბუნებრივი აირის წილმა მხოლოდ 8% შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელს 40%-ზე მეტს შეადგენდა. რუსულ LNG-თან ერთად 2023 წელს ევროკავშირში ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 15%-ს არ ასცდენია.

2023 წელს ევროკავშირიდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ფარმაცევტული პროდუქცია შევიდა, რომლის ექსპორტმაც, დაახლოებით, 23% შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ