„ბაზარზე ჩირზე დიდი მოთხოვნაა, გემოებსაც არჩევენ“ -  რატომ გაიზარდა ჩირის ფასი

2023 წელს ქართული წარმოების ჩირზე მოთხოვნა გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა, სოფო ჯიქიამ განუცხადა.

როგორც ჯიქია აღნიშნავს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოიმატა ქართული ჩირის ფასმაც, კერძოდ, მისი თქმით, „ჩირიფრუტის“ წარმოების ერთი კილოგრამი ჩირის ფასი 40 ლარი და მეტია.

„ერთ-ერთი კარგი წელი იყო. მოთხოვნა და მიწოდება გასულ წელს გაიზარდა. შოკოლადს, კანფეტებს და რამდენიმე სახეობის ჩირს ვაწარმოებთ. ყველა პროდუქტი ჯამში 80-მდე სახეობის გვაქვს.

ბაზარზე ჩირზე დიდი მოთხოვნაა, გემოებსაც არჩევენ, აინტერესებთ მისი შემადგენლობაც. ცნობიერება ამ კუთხით ნელ-ნელა იზრდება. ფასი დაახლოებით 40 ლარიდან ზემოთ მერყეობს. ექსპორტზე ჯერ არ გაგვიტანია, მაგრამ ვგეგმავთ.

ახლა შევიძინეთ საწარმო ფართი ნატახტარში, ჯერ ისევ თბილისში ვართ და ვგეგმავთ გადასვლას. იმედი მაქვს ეს მოგვცემს იმის საშუალებას რომ მომავალში გავიტანოთ ექსპორტზე. ამერიკაში ვაგზავნით ახლა ჩირის ნიმუშს, არაბეთში გვინდა გავიტანოთ ასევე“, - ამბობს სოფო ჯიქია.

მისივე თქმით, კომპანია ჩირის წარმოებაში ადგილობრივ ხილს იყენებს. აწარმოებს. საწარმოში კი 20 ადმიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ჩირის ფასი არც ისე იაფია. „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე წერდა. ყველაზე ძვირად ღირებული კი ჟოლოს და მოცვის ჩირია, ერთი კილოგრამის ფასი 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.

იხილეთ ასევე: 7,5 ლარიდან 100 ლარამდე - რა ღირს ჩირის სახეობები ქართულ ბაზარზე

ქართული ჩირის საექსპორტი ფასი გაიზარდა, იმპორტირებულის კი შემცირდა

მერი ტაბატაძე