მინი საზამთრო, რომლის მოყვანა აივანზეც შესაძლებელია

„თაგვის საზამთრო“ - ასე შეარქვეს პროდუქტს, რომელიც ევროპულ მარკეტებში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ეს არის მინი საზამთრო, რომელიც სულ რაღაც 3-5 სმ სიგრძისაა.

როგორც ცნობილია, პროდუქტს სახელი ინგლისელი მწერლისა და ილუსტრატორის ბეატრიქს პოტერის ზღაპრების თაყვანისმცემლებმა შეურჩიეს. ერთ-ერთი მისი პერსონაჟი, თაგვი პიკნიკს სწორედ მსგავსი ხილით აწყობს.

როგორც East fruit წერს, სინამდვილეში პროდუქტი მელოტრია, სულაც არ არის სათამაშო, ის გარეგნულად ჰგავს პატარა ზომის საზამთროს, რომელსაც კიტრის შიგთავსი აქვს. ხოლო, თუ მოსავლის აღება დაგვიანდა, ის მჟავე გემოს იღებს. მწარმოებლების თქმით, პროდუქტის მიღება შესაძლებელია როგორც ხილის სახით, ასევე დამარინადებულის.

დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტს ევროპის სუპერმარკეტებში ვერ მიაგნებენ, მისი მოყვანა პატარა ბაღსა და აივანზეც კი შეუძლიათ. როგორც მწარმოებლები ამბობენ, ის იზრდება როგორც კიტრი, რამდენიმე განსხვავებით. კიტრის მსგავსად, მელოტრიაც იზრდება როგორც ვაზი და მასაც საყრდენი სჭირდება. პროდუქტი ითესება 8-9 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ქოთნებში, მისი გაღვივებისთვის კი ოპტიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსია. მართალია, 18-20 გრადუსიც შესაფერისია, თუმცა მის გაყვავილებას უფრო დიდი დრო დაჭირდება.

melotria2-1708089781.jpg

ამასთან, ერთ ქოთანში ორი თესლის ჩადება უფრო უსაფრთხოა, თუმცა როგორც წამოიზრდება, ერთ-ერთი მათგანი მეორე ქოთანში უნდა გადაიტანოთ.

თუმცა, როგორც მწარმოებლები განმარტავენ, მინი საზამთროს მოყვანის მსურველებს მისი მორწყვა და სასუქებით განებივრება არ უნდა დაავიწყდეთ.

ნინი ქეთელაური