„ბიზნეს სესხები 13-15%-შია, რაც კომპანიებს მძიმე ტვირთად აწევთ და შემდგომ ფასების მატებას განაპირობებს“

„ბიზნეს სესხები 13-15-პროცენტიანია, ეს კი ბიზნესებს მძიმე ტვირთად აწევთ, რაც შემდგომ ფასების მატებას განაპირობებს“, - ამის შესახებ, „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ ბაზარზე კონკურენცია მაღალია, მონოპოლიის მაჩვენებელი კი დაბალი, ხოლო საბანკო პროდუქტები ბიზნესებს ძალიან მძიმე ტვირთად აწვებიან.

„13-15%-იანი ბიზნეს სესხები და საბანკო პროდუქტები ხშირად ფასების ზრდასაც იწვევენ. ამის გარდა ვალუტის კურსიც მნიშვნელოვანია ფასებთან მიმართებაში. საქართველოში არაერთი მაღაზია იხურება აღნიშნული საკითხის გამო. თუ ევროპაში სესხს 5%-ში იღებ, იქ არ არსებობს თანხის დაკარგვის რისკი, ხოლო ჩვენთან ხშირია, როდესაც კომპანიები ათობით მილიონი ლარით ზარალდებიან“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ამის გარდა, რესპონდენტმა ისაუბრა იმ 50-70%-იანი ფასნამატების შესახებ, რომელთა დაწესებაც კომპანიებს ხარჯის ასანაზღაურებლად და მოგებაში გასასვლელად უწევთ.

„პრემიერმაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ 50-70%-იანი ფასნამატებია ჩვენს ბაზარზე. ამას ბანკის გადასახადის გარდა, მარკეტინგული ხარჯებიც განაპირობებს, რადგან ხშირად მარჟაშ შეიძლება ლომის წვლილი მიუძღვოდეს მარკეტინგულხარჯსაც. დანარჩენი საოპერაციო ხარჯებს მიაქვს.“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

ბაჩანა ტყემალაძე