„უცხო ქვეყნის მოქალაქეები არალეგალურად მუშაობენ ტურიზმის სფეროში, ზოგჯერ ირიბად დაგვცინიან“ - გიდი

„უცხო ქვეყნის მოქალაქეები არალეგალურად მუშაობენ საქართველოს ტურიზმის სფეროში“ - განაცხადა „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

გიორგი თეთრაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოელი არალეგალურადაა დასაქმებული, შესაბამისად, ისინი არ იხდიან გადასახადებს და ადგილობრივები ვეღარ ახერხებენ თავიანთი საქმის წარმოებას.

„გვერთმევა სრულიად მუშაობის უფლება, სამუშაო ადგილები ამ სფეროში დეფიციტური ხდება და ეს ხალხი, ვინც მუდმივად მუშაობდა და მუშაობს ამ სფეროში, იძულებულია, რომ სხვა პროფესიით დაიწყოს მუშაობა, ზოგჯერ კი დატოვოს საქართველო. ქვეყანა იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს სფერო გაჯანსაღდეს და არა პირიქით“, - განაცხადა გიორგი თეთრაძემ.

გიდების ასოციაცია „საგას“ წევრი, ქეთი ბურნაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ პრიორიტეტი ადგილობრივებს უნდა ენიჭებოდეს, ხოლო უცხოელები უნდა გადიოდნენ მკაცრ კონტროლს და ხდებოდნენ სერტიფიცირებულნი.

„ტურიზმის სეგმენტი მძაფრი გამოწვევების წინაშე დგას. უცხო ქვეყნიდან წამოსული ხალხის პრობლემები კი აშკარად მძაფრია. უცხოელებისთვის უნდა არსებობდეს ექვსთვიანი, ერთწლიანი სწავლების პროცესი, შემდეგ კი მკაცრი გამოცდა, რის შედეგადაც მიეცემათ სერტიფიკატი. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა თავის მოქალაქეებს ანიჭებს პრიორიტეტს, რაც ჩვენთან არ ხდება. ჩვენ ვექვემდებარებით მონიტორინგს, ხოლო უცხოელები არა. საბოლოოდ კი იმის გარდა, რომ ხდება ისტორიის დამახინჯება, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ირიბად დაგვცინიან“, - ამბობს ქეთი ბურნაძე.

ბაჩანა ტყემალაძე