„რესპუბლიკურის“ თანამშრომლები შიმშილობას აპირებენ - „არცერთი ექიმს წასვლაზე განცხადება არ დაუწერია“

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ნინო ოთარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არცერთი ექიმი კომპენსაციის მიღებაზე თანახმა არ არის და იმ შემთხვევაში, თუ მათ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ შეხვდება, ამასთან, მათ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

„უკიდურეს ფორმაში ვგულისხმობთ შიმშილობას. დაწყებულია უკვე ამისთვის მომზადება. ველოდებით გამოხმაურებას პრემიერ-მინისტრისგან. მან ორჯერ თქვა, რომ უნდა დაიწყოს კონსულტაციები „რესპუბლიკურთან“ დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც ჯერ არ ჩანს. ვიცით, რომ საქართველოში არ არის და დაველოდებით ჩამოსვლას, შემდეგ ვიმოქმედებთ.

ექიმები ყველა პროტესტის რეჟიმშია, არცერთ ექიმს წასვლაზე განცხადება არ დაუწერია“,- ამბობს ნინო ოთარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო ბედი იყო. როგორც მან აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება.

იმავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

თუმცა, ექიმებისთვის, შეთავაზებული პირობები მიუღებელია. როგორც ისინი აცხადებენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „რესპუბლიკურის“ ადგილზე, საავადმყოფო აღარ აშენდება, მათი გადანაწილება კი, ხელისუფლებას „რუხის კლინიკაში" სურს.

ნინი ქეთელაური