„ტურიზმის ბაზარი უცხოელების ხელში გადადის“ - ტურისტული პროფკავშირი უცხოელ გიდებზე

„საქართველოს ისტორია მიზანმიმართულად მახინჯდება უცხოეთიდან შემოსული გიდების მიერ, მათი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“, - აცხადებს „ტურისტული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი, ეკა გეგეშიძე.

„საქართელოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ პრესკონფერენციაზე ეკა გეგეშიძემ აგრეთვე ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მომუშავე უცხოელების საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო ახალი კანონი ტურიზმის შესახებ ადგილობრივებისთვის დისკრიმინაციულია.

„ახალ კანონში არ იყო გათვალისიწნებული ტურიზმში ჩართული არცერთი ადგილობრივი პირის ინტერესი. ახლა იწყება ქვემდებარე აქტებზე მუშაობა, მაგრამ ამასობაში ჩვენ ვკარგავთ ტურისტულ ბაზარს, რომელსაც მილიარდების შემოტანა შეუძლია ბიუჯეტისთვის. ტურიზმის ბაზარი უცხოელების ხელში გადადის. ვინც ამ სფეროში მუშაობს, საკუთარ თავზე იგრძნობს ტურისტული სეზონის დაწყებდან რამხელა პრობლემის წინაშე დადგება, როდესაც მას უცხოეთიდან შემოსული გიდი ჩაანაცვლებს, რომელმაც არც იცის ქვეყნის ისტორია და ამავდროულად, მიზანმიმართულად ამახინჯებს ისტორიას მისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ეკა გეგეშიძემ.

ამის გარდა, პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზები არსებობს და სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის მზადება.

„პირველ რიგში, უნდა არსებობდეს გარკვეული ვალდებულებები ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებზე. მაგალითად, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ თუ საქართველოს მოქალაქეობა არა, ბინადრობის უფლება მაინც. გიდების შემთხვევაში კი უნდა ჰქონდეთ შესაბაისი სერტიფიკატი, რომელიც მათ განათლებას დაადასტურებს.“, - ამბობს ეკა გეგეშიძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე