არაბთა გაერთიანებული საემიროების ბანკები რუსების ანგარიშებს ხურავენ

არაბთა გაერთიანებულ საემიროების მსხვილმა ბანკებმა მეორადი სანქციების რისკის გამო რუსეთთან ანგარიშსწორების შეზღუდვა, ასევე, რუსი კლიენტების, კერძოდ, კომპანიებისა და ფიზიკური პირების ანგარიშების დახურვა დაიწყეს. ამის შესახებ „ვედომოსტის“ საემიროებში მოღვაწე სამმა ბიზნესმენმა და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი გაერთიანება „დელოვაია როსიას“ წარმომადგენელმა განუცხადა.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამი უმსხვილესი ბანკი, First Abu Dhabi Bank, Emirates NBD და Abu Dhabi Commercial Bank პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს კუთვნილებაა. საემიროების ხელისუფლება მათ სახელმწიფო ფონდების, ასევე, მმართველი დინასტიის წევრების ან შეიხების კერძო საინვესტიციო კომპანიების მეშვეობით ფლობს. თითოეულ ამ ბანკში უცხოელი აქციონერების წილიც საკმაოდ დიდია. მაგალითად, First Abu Dhabi Bank-ში ეს წილი 17,7%-ს, Emirates NBD-ში 14%-ს, ხოლო Abu Dhabi Commercial Bank-ში 18,16%-ს შეადგენს.

„დელოვაია როსიას“ წარმომადგენლის ცნობით, საემიროების ბანკები რუსეთიდან ფულს აღარ იღებენ და გადახდებს საპირისპირო მიმართულებითაც არ ამუშავებენ. მან დასძინა, რომ ქვეყნის ბანკები ხურავენ იმ კომპანიების ანგარიშებს, რომელთა მფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან. ეს ინფორმაცია საემიროებში მყოფმა სამმა ბიზნესმენმა დაადასტურა. გაზეთის თანამოსაუბრეების თქმით, სირთულეები მეორადი სანქციების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის 2023 წლის დეკემბრის განკარგულებამდე დიდი ხნით ადრე, საქტემბერში დაიწყო. თავად ამ განკარგულების შემდეგ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის თურქეთი და ჩინეთი, რუსეთის კლიენტების მიმართ პოლიტიკა მკვეთრად შეცვალეს.

რაც შეეხება საემიროებს, კიდევ ერთი რუსი ბიზნესწარმომადგენელი და საექსპედიტორო კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ ქვეყნის ბანკებში გასული წლის სექტემბრიდან რუსეთიდან, მათ შორის, არაბულ დირჰამებში გადახდის შესაძლებლობა გაქრა, ხოლო უმსხვილეს ბანკებში ანგარიშის გახსნა რუსებისთვის, თითქმის, შეუძლებელი გახდა. იმ ბანკებმა, სადაც მფლობელები მხოლოდ არაბები არიან, რუსებისთვის, ასევე, ახალი მოთხოვნები დააწესეს. მათ შორის არის სავალდებულო ბინადრობის ნებართვა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მინიმუმ 90 დღით ბინადრობა.

ამასთან, სანქციების სიაში მოხვდა რუსული ბანკი, „აკ-ბარსი,“ რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადახდების მთავარი არხი იყო. აშშ-ის ხაზინამ ბანკი სანქციადა­კის­რე­ბულ პირ­თა, ანუ SDN-ის სიას 2023 წლის 14 სექტემბერს დაამატა.

ასევე, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ზოგიერთი ბანკი კლიენტებისგან ვალდებულების ხელმოწერას მოითხოვს, რომ რუსეთთან, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში ანგარიშსწორება არ განახორციელონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ