უნგრეთი აზერბაიჯანულ გაზს აპრილიდან მიიღებს

უნგრეთში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის თურქეთის გავლით ტრანსპორტირება აპრილში დაიწყება. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტომ თურქულ სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი პირველად შეასრულებს გაზის ექსპორტს იმ ქვეყანაში, რომელიც მისი პირდაპირი მეზობელი არ არის.

„ჩვენ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად გავზარდეთ. წელს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან გაზის შესყიდვას დავიწყებთ,“ - აცხადებს მინისტრი.

აზერბაიჯანიდან უნგრეთში თურქეთის გავლით გაზის მიწოდებაზე საუბრისას სიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება 275 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ