ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - რეგიონებში ტაქსით მომსახურების ნებართვის ფარგლებში უნდა ჩანდეს, რომ მანქანა ტექნიკურად გამართულია, ხოლო მძღოლი - ჯანმრთელი

რეგიონებში ტაქსით მომსახურების ნებართვის ფარგლებში უნდა ჩანდეს, რომ მანქანა ტექნიკურად გამართულია, ხოლო მძღოლი - ჯანმრთელი, - აღნიშნული განმარტება პარლამენტის რეგიონალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა გააკეთა.

როგორც გურამიშვილმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას განაცხადა, მუნიციპალიტეტებში ტაქსით მომსახურება ისეთ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, როგორიცაა ავტომობილების ტექნიკური გამართულობა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მისი თქმით, გამოწვევაა მოძველებული ავტოპარკი.

“რეგიონებში, სატრანსპორტო მომსახურების ამ სექტორში არის მომსახურების დაბალი დონე და ტექნიკური უსაფრთხოების მხრივ - გამოწვევები.

გვაქვს კანონი, რომლის ფარგლებშიც მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის სფეროს რეფორმა დავიწყეთ, მაგრამ ეს სფერო (ტაქსით მომსახურება) თბილისის გარდა, რეგულირების მიღმაა - იყო ე.წ. შავი ხვრელი. მნიშვნელოვანია, რომ მანქანა, რომელიც მგზავრს - ტურისტს, ჩვენ მოქალაქეს ემსახურება, იყოს ტექნიკურად გამართული და ასევე მძღოლი იყოს ჯანმრთელი. დღეს ამ სფეროში თვითდასაქმებულთა უმეტესობას, რომელთაც მართვის მოწმობა თავის დროზე აიღეს, შესაძლებელია სამედიცინო შემოწმება არც გაუვლიათ. ამ დროს ბევრია ჰიპერტონიის მატარებელი და სხვა ისეთი დაავადების მქონე მძღოლი, რაც ამ პროფესიასთან შესაძლოა შეუთავსებელია.

ტექნიკური გაუმართაობა, მძღოლის ჯანმრთელობა, სერვისების დაბალი დონე და ელემენტარული სტანდარტების არარსებობა არის აღნიშნული კანონის პროექტის ინიცირების განმაპირობებელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მთავრობის ინიციატივას კანონის ამოქმედების ვადების გადახედვის პირობით დაუჭირა მხარი.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება.

პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.

აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მერიის სტრუქტურულ ერთეულს ენიჭება. ნებართვის მოქმედების ვადებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.

იგეგმება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო გადაყვანის შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრავს.