ათამდე მოქალაქეს 400-ლარიანი საფასური გაუნახევრდა

სემეკ-მა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო, ათამდე მოქალაქეს მიერთების 400 ლარიანი საფასური 200 ლარამდე გაუნახევრა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკ-მა დღევანდელ საჯარო სხდომაზე მიიღო. სემეკ-ის ცნობით, სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების მსურველთა რაოდენობამ იმატა.

"2015 წელს სამი თვის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით გაზგამანაწილებელ კომპანიებს 17 974-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო 2014 წელს სამი თვის განმავლობაში აღნიშნული მონაცემი მხოლოდ 6760-ით განისაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.