„რთული პერიოდი, პანდემიას უკავშირდება, როდესაც გაყიდვები 40%-ით შემცირდა, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს ნელ-ნელა ვუბრუნდებით“

­ქართული წინდები, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით, 8 წლის წინ გამოჩნდა, უკვე 10-მდე ქვეყანაში იყიდება. საუბარია, „ალტერსოქსზე“, რომელმაც ინდივიდუალური და განსხვავებული დიზაინით მომხმარებლის ყურადღება მალევე მიიპყრო, როგორც მინიმუმ, „ხინკლებიანი“ წინდებით მაინც დაამახსოვრა თავი.

„ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ 2016 წელს, ფიროსმანის ნახატით „მებადური“ დაწყებული წინდების წარმოება, დღეს უკვე, ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბიზნესია. კომპანიის წინდები იყიდება არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, მათ შორის, საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმებზე.

„ალტერსოქსის“ იდეა გაჩნდა იქიდან, რომ გვინდოდა ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც ტრენდული იყო მთელს მსოფლიოში და რომლის მსგავსიც საქართველოში არ იწარმოებოდა. სულ პირველი სატესტო მოდელი იყო წინდა ფიროსმანის ნახატით „მებადური.“

რაც შეეხება პირველ რეალიზაციას, მცირე ზომის სტენდი გავხსენით ერთ-ერთ სავაჭრო მოლში თბილისში და სწორედ ეს იყო ჩვენი გაყიდვების წერტილი. შემდეგ, ყოველ 3-4 თვეში ერთხელ ახალ სტენდებს ვხსნიდით სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში. სტენდის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო „ალტერსოქსის“ შესახებ. არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა ჩვენი გახსნის ამბავი, რადგან პირველი კომპანია ვიყავით, ვინც საქართველოში აწარმოებდა ორიგინალური დიზაინის წინდებს. ხინკლებიანი წინდის სურათმა უამრავი ინტერნეტ გამოცემა მოიარა, შესაბამისად, მომხმარებლამდე საკმაოდ მალე მივიდა ინფორმაცია ჩვენ შესახებ, რაც ჩვენს გაყიდვებზეც დადებითად აისახა“,- ამბობს ნინა მენთეშაშვილი.

როგორც „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რთული პერიოდი, სხვა კომპანიების მსგავსად პანდემიას უკავშირდება, რა დროსაც წინდების გაყიდვები 40%-ით შემცირდა. თუმცა, ნინა მენთეშაშვილის თქმით, კომპანია ისევ უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებელს.

„გაყიდვების მაჩვენებელი მუდმივად მზარდი იყო 2019 წლამდე. შემდეგ კოვიდის პერიოდში მკვეთრად, დაახლოებით 40%-ით შემცირდა. ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველ მაჩვენებელს. ამჟამად თბილისში გვაქვს 6 სტენდი სხვადასხვა შოპინგ მოლში, ასევე გვაქვს ერთი ბრენდული მაღაზია ბათუმში და 1 ვენდინგ ფილიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

გარდა ამისა, "ალტერსოქსი" იყიდება დაახლოებით ათამდე ქვეყანაში. ყველაზე დიდი გაყიდვები გვაქვს იტალიაში, კერძოდ ტოსკანის რეგიონში, სადაც რამდენიმე ტურისტულად აქტიურ ქალაქში იყიდება ჩვენი წინდები სუვენირების თუ სხვა ტიპის მაღაზიებში. ასევე, წარმატებით ვთანამშრობლობთ სუვენირების მაღაზიებთან საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, კანში, ნიცაში და მონტე კარლოში. ონლაინ გაყიდვებს რაც შეეხება, უკვე რამდენიმე წელია „ალტერსოქსის“ წარმატებით იყიდება გერმანულ ამაზონზე“,- აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

როგორც ნინა მენთეშაშვილი ამბობს, შექმნიდან დღემდე, უკვე 150-მდე დიზაინის წინდა დამზადდა, რომლის ფასიც 9-დან 12 ლარამდე მერყეობს.

„ჩვენი გუნდი ამჟამად 20 ადამიანისგან შედგება. შექმნის დღიდან დღემდე, დაახლოებით, 150-მდე დიზაინის წინდა გვაქვს შექმნილი, როგორც ჩვენი საკუთარი კოლექციებისთვის, ასევე კორპორაციული შეკვეთებისთვის და საექსპორტოდ. რაც შეეხება ჩვენს უახლოეს გეგმებს, ძირითადად ორიენტირებული ვართ ექსპორტის გაზრდაზე. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს იტალიელ და ფრანგ პარტნიორებთან ახალ დიზაინებზე და იმედი გვაქვს 2024 წელს კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მივაღწევთ ამ თუ სხვა ევროპულ ბაზრებზე“,- აცხადებს ნინა მენთეშაშვილი.

ნინი ქეთელაური