რა გავლენა ექნება ევროკოდების სტანდარტს მშენებლობაზე - „ის მეტ თავისუფლებას აძლევს სექტორს“

2024 წლიდან სამშენებლო სექტორში ევროკოდები ეტაპობრივად დაინერგება. ამ ეტაპზე 10 ევროკოდიდან 4 უკვე მზად არის.

როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანა საბახტარიშვილი „ბიზნესპრენიუსთან“ აცხადებს, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ცენტრი თარგმნის ევროკოდებს, შემდეგ კი მზადდება ქართული ეროვნული დანართი. მისი თქმით, ამ ეტაპზე კიდევ ერთ - მე-5 ევროკოდზე მუშაობა გრძელდება.

„4 ევროკოდი უკვე მზად არის, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ. დანარჩენებიც მზადდება ეტაპობრივად, ახლაც ერთ-ერთი შემოსულია შესაბამის კომიტეტში განსახილველად და ძალიან მალე კიდევ ერთი სტანდარტი დარეგისტრირდება“, - ამბობს საბახტარიშვილი.

მისი თქმით, არსებული 4 ევროკოდის გამოყენება სამშენებლო სექტორს კონსტრუქციული დაპროექტებისას უკვე შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით სავალდებულო არ არის.

„ინდუსტრია მთლიანად უნდა გადაეწყოს, თუმცა ჯერ მხოლოდ რამდენიმე სტანდარტი დარეგისტრირდა. ნელ-ნელა ჩვენც ვეცნობით ევროსტანდარტებს, იმედია, სხვა ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან და იმედია, უმტკივნეულო იქნება სექტორისთვის“, - ამბობს ანა საბახტარიშვილი.

რაც შეეხება ხარჯებს, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, ევროკოდებზე გადასვლა შესაძლოა, რაღაც შემთხვევაში უფრო იაფი, რაღაც შემთხვევაში კი უფრო ძვირი დაჯდეს.

„საბჭოური ნორმები, რომლის მიხედვითაც აქამდე ხდებოდა დაპროექტება, იყო ხისტი, ევროკოდი კი მეტ თავისუფლებას და პასუხისმგებლობას აძლევს სექტორს, შეიძლება უფრო იაფიც კი დაჯდეს ევროკოდებით შენება, რაღაც შემთხვევაში - უფრო ძვირი, ცალსახა პასუხის თქმა რთულია“, - განგვიცხადა ანა საბახტარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ახალ სამშენებლო სტანდარტებზე ეტაპობრივად გადავა, ინერგება ევროკოდები, რომლებიც სამშენებლო სექტორში უნდა დაინერგოს. ევროკოდები აერთიანებს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

მერი ტაბატაძე