„ჩვენ დემპინგის ქვეშ მოვექეცით - საქართველოს ბიუჯეტის გვერდით ავლით ძალიან დიდი თანხები გაედინება ქვეყნიდან“

საქართველოს გიდების ასოციაცია „საგას“ წევრის და ტურიზმის პროფკავშირების თანადამფუძნებლის, ქეთი ბურნაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებს „ანგარიშსწორება სახელმწიფო ბიუჯეტთან არ აქვთ, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტის გვერდით ავლით ხდება ძალიან დიდი თანხების ქვეყნიდან გადინება“.

მისივე თქმით, უცხოელი გიდები არსად რეგისტრირებულები და დაფიქსირებულები არ არიან.

„საქართველოს ბაზარს ნელ-ნელა უცხო ქვეყნის წარმომადგენლები იპყრობენ. მათ არ შეიძლება გიდები ვუწოდოთ, იმიტომ, რომ ჩემი გუშინდელი ტურისტი შეიძლება ხვალ მომევლინოს, როგორც გიდი. ალბათ, იოლი ფულის შოვნის წყაროდ მიაჩნიათ და აქტიურად ჩაერთნენ ამ ფერხულში. ეს ახალი პრობლემა არ არის, ამ პრობლემის წინაშე მძაფრად დავდექით პანდემიის წინა პერიოდში. ძალიან გამოიკვეთნენ ე.წ. გიდები, რომლებიც ამ ბაზარს ნელ-ნელა იპყრობენ და ჩვენ ამ ბაზრიდან განდევნილები ვართ. ესენი არიან ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლები - ირანი, თურქეთი, პაკისტანი, ინდოელი სტუდენტები, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ბოლო ხანებში ძალიან აქტიურად გვხვდებიან ჩეხი, პოლონელი „გიდები“. სია და ნუსხა ძალიან გრძელია. გაღიზიანების ფაქტორს იწვევს არა მარტო ის, რომ ჩვენს სამუშაო არეალს და ჩვენგან შექმნილ ნიშას ვკარგავთ, მახინჯდება კულტურა, ისტორია, ტრადიციები, ამ ყველაფრის გადაცემა ძალიან ცუდად ხდება. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აგდებულადაც მოგვიხსენიებენ ხშირ შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ ისტორიულად, ეთნიკურად, ტრადიციულად ვზარალდებით, ასევე, იმით, რომ სამსახურებს ვკარგავთ. საქართველოს ბიუჯეტის გვერდით ავლით ხდება გადინება ძალიან დიდი თანხების. იმიტომ, რომ ისინი არსად რეგისტრირებულები არ არიან, ასევე არც დაფიქსირებულები არ არიან. მოვალეობა და ანგარიშსწორება ბიუჯეტთან არ აქვთ, რასაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში, პირნათლად ვასრულებთ.

ისინი ძალიან კარგად ფლობენ ინტერნეტ სივრცეებს, ამ გზით მარტივად და იოლად ეძებენ მომხმარებლებს. იაფად და იოლად ჰყიდიან ტურებს. ჩვენ „დემპინგის“ ქვეშაც მოვექეცით“, - განაცხადა ქეთი ბურნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში საკმაოდ ბევრია ისეთი გიდი, ვისაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.

„ვფიქრობ, რომ საჭირო და აუცილებელია სერტიფიცირება... ეს არის საგადასახადო სისტემა იმისათვის, რომ პირნათელი ვიყოთ სამშობლოს და ბიუჯეტის წინაშე“, - აღნიშნა ქეთი ბურნაძემ.