ფინანსთა მინისტრის ანგარიში - 2023 წელს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში 2872 საჩივარი შევიდა - 30% მომჩივნის სასარგებლოდ გადაწყდა

2023 წელს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში 2872 საჩივარი შევიდა, ჩატარებულია 73 სხდომა, განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ, - ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში 21 თებერვალს უნდა წარდგეს.

ანგარიშის თანახმად, შემცირებულია საჩივრის განხილვის ვადები.

„მნიშვნელოვანია, რომ საჩივრების განხილვა ხორციელდება დავის განხილვისთვის დადგენილი ვადების დაცვით და წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული საჩივრის წარმოდგენიდან, გადაწყვეტილების მიღებამდე დროის ხანგრძლივობა“,- ნათქვამია ანგარიშში.