„ნიადაგებს აქვს პრობლემა“ - რა გამოწვევები აქვთ მეთხილე ფერმერებს

„ნიადაგებს აქვს პრობლემა - კალციუმის შემცველი ნივთიერებების შეტანა არის საჭირო“ - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეთხილე ფერმერებმა ნიადაგის კალციუმით განოყიერება დაიწყეს, თუმცა კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით მათ სახელმწიფოც დაეხმარება.

„სამუშაო გვაქვს, ნიადაგებს აქვს პრობლემა, მაგალითად, კალციუმის შემცველი ნივთიერებების შეტანა არის საჭირო, პროცესი დავიწყეთ, მაგრამ თუ ამ მიმართულებითაც მომავალში იქნება მხარდაჭერა, კარგია, რა თქმა უნდა. ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ ამაზე. განწყობა გვაქვს პოზიტიური მიმდინარე წლის სეზონისთვის“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

ამასთან, თოდუამ თხილის სუბსიდიებსა და კადასტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კადასტრში მეთხილე ფერმერების 80% დარეგისტრირდა. კერძოდ, თხილის სუბსიდიების პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართულია 44 ათასი ფერმერი და საშუალოდ, რეგისტრირებულია 60 ათასი ჰექტარი თხილის ბაღი.

„კადასტრში რეგისტრირებულია 44 000 ფერმერი, რომელიც მონაწილეობას იღებს სუბსიდიებში. ეს პროცენტულად არის დაახლოებით, 80%-ზე მეტი. დაახლოებით 60 000 ჰექტარი მიწაა რეგისტრირებული კადასტრში. სუბსიდიების პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ 0.2-დან 3 ჰექტრამდე ბაღები. ხოლო დანარჩენებისთვის არის სესხზე სუბსიდია. ჰექტარზე 500 ლარი პესტიციდებისთვის საკმარისია“, - ამბობს გიორგი თოდუა.

ცნობისთვის, მეთხილე ფერმერებმა 2023 წლის 4 დეკემბრიდან 2024 წლის 29 მარტის ჩათვლით თხილის ბაღები კადასტრში უნდა დაარეგისტრირონ. პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. კერძოდ, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მერი ტაბატაძე