რუსეთის წილი ექსპორტსა და იმპორტში შემცირდა - რომელ ადგილს იკავებს ათეულში

საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში, ექსპორტსა და იმპორტში უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში რუსეთი მეორე ადგილს იკავებს.

გასული წლის იანვარში, რუსეთის წილი სავაჭრო ბრუნვაში 8.7%-ს შეადგენდა (29,497 მლნ აშშ დოლარი), მიმდინარე წლის იანვარში კი აღნიშნული მაჩვენებელი 20.3%-მდე (148,396 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

განსხვავებით სავაჭრო ბრუნვისა, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის წილი ექსპორტში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში მისი წილი ექსპორტში 12.3%-ს შეადგენდა, რითაც 6.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება 2023 წლის იანვრის მონაცემებს (19.1%).

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი საექსპორტო ქვეყანაა, 2023 წლის იანვართან შედარებით, წელს შემცირდა როგორც რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება, ასევე რუსეთის წილი ექსპორტში. გასულ წელს თუ 87,786 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ, წელს კი ჯამში 41,589 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ექსპორტირებულმა პროდუქტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში გატანილი პროდუქციის ღირებულება 52.6%-ით არის შემცირებული.

იგივე ტენდენცია შეინიშნება იმპორტის შემთხვევაშიც - 2024 წლის იანვარში შემცირდა როგორც რუსეთის წილი იმპორტში, ისე იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება, თუმცა რუსეთი იმპორტიორ ქვეყნებში კვლავ ათეულში მეორე ადგილზე რჩება.

თუ გასული წლის იანვარში რუსეთის წილი იმპორტში 15.8%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის იანვარში მონაცემები 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და რუსეთის წილმა საერთო იმპორტში 14.8% შეადგინა. გარდა ამისა, 2024 წლის იანვარში 15.6%-ით შემცირდა რუსეთიდან შემოტანილი პროდუქციის ღირებულება. მაგალითად, მაშინ როცა 2023 წლის იანვარში 175,921 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა რუსეთიდან, წელს ეს მაჩვენებელი 148,396 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

მერი ტაბატაძე