„ფასი თითქმის გაორმაგდა, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროპაა“ - მეთხილე ფერმერები

„წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა თხილის ფასი, ადრე თუ ღირდა 4 ლარი, 2023-2024 სეზონისთვის 8 ლარი ღირს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული თხილისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი არის ევროპა. თოდუას თქმით, მეთხილე ფერმერების მიზანია, რომ ევროპულ ბაზარზე ქართულმა თხილმა განსაკუთრებული ნიშა მოიპოვოს.

„გასული წელი უფრო აქტიური იყო, ვიდრე იმის წინა წელი. იქიდან გამომდინარე, რომ სუბსიდიებმა პოზიტიურად იმუშავა, ბევრად უფრო მეტმა ფერმერმა ჩაატარა წამლობები. რაოდენობაც გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად არა, იმიტომ, რომ ამინდმა არ შეგვიწყო ხელი. უხვი ნალექის გამო საგრძნობლად არ გაიზარდა რაოდენობა, თუმცა ვინც წამლობა ჩაატარა, კარგი ხარისხის თხილი მიიღეს და ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი რეალიზების გარეშე. წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა ფასი, წინა წლებში თუ ღირდა 4 ლარი, 2023-24 სეზონისთვის 8 ლარი ღირს. ეს კარგია ფერმერების მოტივაციისთვის. ჩვენი მიზანი გახლავთ განსაკუთრებული ნიშა მოვიპოვოთ ევროპულ ბაზარზე, ძირითადი საექსპორტო ბაზარი თხილისთვის მაინც ევროპულია, ჩვენ ამ მიმართულებით ვვითარდებით“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში ექსპორტზე (რეექსპორტის ჩათვლით) 5,726 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, იმავე პერიოდში ჯამში 1,627 მლნ აშშ დოლარის თხილი შემოვიდა ქვეყანაში. საანგარიშო პერიოდში ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები იყო გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი და რუსეთი. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საქართველოში ძირითადად ჩინეთიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, ბელგიიდან და აშშ-დან შემოვიდა თხილი.

მერი ტაბატაძე