სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეფასდა

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებენ. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოში მოღვაწე 15 ორგანიზაციის მიერ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიან საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. "2012 წლის შემდგომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა გახდა უფრო გამჭვირვალე და მისი გადაწყვეტილებები აღარ ატარებს შერჩევითი სამართლის ხასიათს", - ნათქვამია ანგარიშში.

15 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის საქმიანობაა შეფასებული, საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება.

ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია, აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. მათი რეკომენდაციები ეყრდნობა ამ სექტორში არსებულ საექსპერტო ცოდნას და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მრავალწლიან შესწავლას. ეს სფეროებია: სახელმწიფო მართვის სისტემა და ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობა, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, მართლმსაჯულება, საარჩევნო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა, ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, საგარეო პოლიტიკა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ღია მმართველობა, მედია, მიგრაცია და კულტურული მემკვიდრეობა.

კონფერენციას, რომელზეც ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ესწრებოდა.