156 მლნ-ის ქონება, ოქროს ნაკეთობები - როგორია ფინანსთა სამინისტროს მიერ დაყადაღებული და ჩამორთმეული ქონება

პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. პარლამენტის ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია დოკუმენტი, რომლითაც მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარსდგეს.

მოხსენებაში, მათ შორის საუბარია, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციაზე. საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე.

„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 130 მილიონ ლარზე მეტი.

დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 147 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, მიწის ნაკვეთების ღირებულებაა 71 მილიონი ლარი, ხოლო სხვა უძრავი ქონების ღირებულება (ბინა, ავტოსადგომი, დამხმარე ფართი, კომერციული ფართი, საოფისე ფართი და ა.შ.) - 76 მილიონ ლარს აჭარბებს.

დაყადაღებული მოძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხების რაოდენობა 7 მილიონ ლარამდეა.

ამასთან, 2023 წელს ჩამორთმეულ იქნა: 2 მილიონზე მეტი ღირებულების 66 კილოგრამზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები; 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 138 047 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; 3 მილიონზე მეტი ღირებულების 655 868 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, საღეჭი თამბაქო); 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება,“- აღნიშნულია მოხსენებაში.

თაია არდოტელი