გიორგი აბაშიშვილი მთავრობას ურჩევს, ბიზნესს მოუსმინოს

მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა.

გიორგი აბაშიშვილი ბანკების ხელმძღვანელებთან ბიზნესომბუდსმენის მიერ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიალოგი მხოლოდ საკითხის შესალამაზებლად არ უნდა იყოს გამოყენებული. "მთავარი სამწუხარო ფაქტი უკვე მოხდა, როცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტს მოუმზადებელი და ქვეყნის ბიზნესგარემოს დამაზიანებელი კანონპროექტი ბიზნესთან მისი განხილვის, სპეციალისტებთან დისკუსიის და საზოგადოების ინფორმირების გარეშე წარუდგინა. დიალოგი კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებამდე მომხდარიყო, თუმცა შექმნილ სიტუაციაშიც, როცა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ორი დღის წინ შეხვედრა გაიმართა, აუცილებელია დიალოგი მხოლოდ თემის შესალამაზებლად არ იქნას გამოყენებული და მთავრობამ ბიზნესს მოუსმინოს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, ის, რა ფორმითაც აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი, აბსოლუტურად მიუღებელია. "ეს არის ნაჩქარევად მომზადებული კანონის პროექტი, რომელიც ბადებს კითხვას, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი აბაშიშვილთან გუშინ გამართულ შეხვედრას საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, მათ შორის: "თიბისი ბანკის", "საქართველოს ბანკის" "ლიბერთი ბანკის", "ბაზის ბანკის", "ვითიბი ბანკის", "ბანკი ქართუს" და სხვა საფინანსო ინსტიტუტების დირექტორები. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე, პრეზიდენტის მრჩეველი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეკონომიკურ ექსპერტებსაც შეხვდა.