„ჰაერშია ეს მანქანები - სახელმწიფო ბაჟის აღებაზე უარს არ ამბობს“ - რა გამოწვევები აქვთ ავტოიმპორტიორებს

2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვის გამო პრობლემა 1500-მდე ავტომობილს შეექმნა, საიდანაც ნახევარზე მეტი კვლავ მოუგვარებელია.

როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ აღნიშნა, ავტომობილები, რომლებიც შეიძინეს 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე და გემზე ჩატვირთვა ვერ მოასწრეს, არის ჰაერში. მათი შემოყვანა და განბაჟება საქართველოში შესაძლებელია, თუმცა შეზღუდვის გამო რეგისტრაციას ვერ შეძლებენ.

„ასეთი დაახლოებით იყო 1500 ავტომობილი, დადგენილებაში რომ ჩაიწერა „1-ელ დეკემბრამდე ჩატვირთული“ ნახევრის მოთხოვნები დაკმაყოფილდა, მაგრამ იქ გარკვეულმა ჩანაწერებმა შექმნა პრობლემა. რომ ვუთხარით, დადგენილებაში 1-ელ დეკემბრამდე ნაყიდი უნდა ჩაწერილიყო და არა ჩატვირთული, ამანაც პრობლემები შექმნა და დაახლოებით ნახევარი დარჩა შეღავათების მიღმა.

ამ ავტომობილების შემოყვანა ხერხდება, განბაჟებაც შეიძლება, სახელმწიფო უარს არ ამბობს ბაჟის აღებაზე, მაგრამ არ შეიძლება რეგისტრაცია. გამოვიდა, რომ ჰაერშია ეს მანქანები, თუ მე რეექსპორტზე ვერ ვუშვებ, თუ იძულებული ვარ დავშალო და ჯერ იქამდე არ მივსულვართ, რომ დაშლა გადაეწყვიტოს ვინმეს. ნელ-ნელა პრობლემები იჩენს თავს“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა. აკრძალვა არ ეხებათ იმ ავტომობილებს, რომლებიც გემზე 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა, თუმცა 1-ელ იანვრამდე ჩამოსვლა ვერ მოასწრო. გარდა ამისა, შეზღუდვა არ ეხებათ რეექსპორტზე გასაყვან ავტომობილებსაც. ავტოიმპორტიორები მოითხოვენ, რომ შეღავათი შეეხოთ იმ პირებს, რომლებმაც 1-ელ დეკემბრამდე იყიდეს ავტომობილი და ჩატვირთვა ვერ მოასწრეს.

მერი ტაბატაძე