კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამოიყენეს

საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების გამო, 27 მაისიდან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ცნობით, სტიქიის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"-ს მიერ კახეთის რეგიონში პირველად განხორციელდა ახლახან დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენება, რის შედეგადაც თელავის რაიონში მოხერხდა დასეტყვილი ფართობების და შესაბამისად მიყენებული ზარალის მასშტაბის მკვეთრი შემცირება, ხოლო გურჯაანის რაიონში სეტყვა თავიდან იქნა აცილებული.

შესაძლო გართულებების შესახებ გაფრთხილებული არიან კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილებზე ხორციელდება ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურისა და რესურსების მობილიზაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის კოორდინაციით, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, თავდაცვის სამინისტროს სტც "დელტა", გარემოს ეროვნული სააგენტო, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმში არიან გადასული. შესაბამისი სტრუქტურების მობილიზაცია ამინდის გაუმჯობესებამდე შენარჩუნდება.