ნოდარ ჯავახიშვილი: ათონელის რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებულია

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებულია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.

რეზიდენციასთან დაკავშირებული ვითარებით ჯავახიშვილისგან სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა.  "შენობა ყველა თვალსაზრისით მორგებულია პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მარტო საოფისე ფართები საერთო ფართის 29%-ს შეადგენს. ასე რომ, ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება სხვა რამისთვის მისი დატვირთვა და გამოყენება. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის გადაცემას, პროცესი დამთავრებულია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა პრემიერის შეკითხვაზე საპასუხოდ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე უარს ამბობს. პრემიერმა კი დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "იმედი აქვს, ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს".