გაიზარდა იმ ბიზნესების მაჩვენებელი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ფასების ზრდას ვარაუდობს

2024 წლის 1-ლი კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით გაუარესდა და 17.7-ს გაუტოლდა, - ამის შესახებ კვლევას ISET Policy Institute აქვეყნებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნულია, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი (-15.1) გაუარესება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა.

„ბიზნესის განწყობის ინდექსის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, 2023 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 5 პუნქტით შემცირდა და 2024 წლის 1-ლი კვარტლისთვის 18-ს გაუტოლდა.

ISET-ის ინფორმაციით, მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-28.6) და მრეწველობის (-16.3) სექტორებში დაფიქსირდა.

„ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 34.8 პუნქტამდე შემცირდა. 2024 წლის 1-ლი კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა ვაჭრობის (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში“, - ვკითხულობთ კვლევაში.

გარდა ამისა, გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 0.8-ით გაიზარდა და 18.4 პუნქტს მიაღწია.

„ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა“, - აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

მერი ტაბატაძე