ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა იგეგმება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით აჟიოტაჟი პოლიტიზირებულ და კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. "ხელნაწერთა ინსტიტუტთან დაკავშირებით გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა და ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული. იქ არავითარი საფუძველი არ არსებობდა, ეს იყო პოლიტიზებული და კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა ყველაფერი. თუმცა, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი არის გაათმაგებული. უკვე თვის ბოლომდე დასრულდება იქ არსებული სიტუაციის შესწავლა. უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის ფონდებში არსებულ მდგომარეობას. ხელნაწერთა ცენტრი არის უმნიშვნელოვანესი, არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების საკურატორო, ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოს ძალიან დიდი საგანძური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება ხელფასების მატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის, წლის ბოლოდან კი იგეგმება ახალი შენობის აგება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ცენტრის მიმართ ინტერესი გაზრდილია, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა.