ბაზარზე თაფლი 10-15%-ით გაძვირდა - „პროდუქტი დეფიციტური გახდა“

თაფლი დეფიციტური გახდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალეკო პაპავამ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა დიდია, თუმცა საქართველოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ გასულ წელს მეთაფლე ფერმერებმა რაოდენობრივად „ძალიან ცუდი“ მოსავალი მიიღეს. მიზეზი არის ის, რომ აკაციისა და წაბლის ყვავილობის პერიოდს უხვი ნალექები დაემთხვა.

„აკაციებისა და წაბლის ყვავილობაზე წვიმები დაემთხვა, შესაბამისად, ამ მცენარეებიდან თაფლი ვერ მივიღეთ. 2023 წელი უარესი იყო, 2022 წელს გავიტანეთ 270 ტონაზე მეტი ექსპორტზე, ხოლო 2023 წელს, მხოლოდ და მხოლოდ, 107 ტონა. თაფლის ის რაოდენობა არ გვქონდა, რაც მოთხოვნა იყო, მოთხოვნა იყო და ვერ დავაკმაყოფილეთ“, - ამბობს პაპავა.

რაც შეეხება ფასებს, ერთი კგ ნატურალური ბრენდირებული თაფლის ფასი 8-9 დოლარიდან იწყება, ხოლო საბითუმო ფასი 4-5 დოლარის ფარგლებში მერყეობს. როგორც პაპავა განმარტავს, თაფლის ფასი, დიდი მოთხოვნისა და დეფიციტის გამო, 10-15%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე 3 600 აშშ დოლარის ნატურალური თაფლი გავიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში - 7 060 აშშ დოლარის. რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, 2024 წლის იანვარში ქართული თაფლი სრულად იაპონიაში გავიტანეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარში საქართველოში ნატურალური თაფლის იმპორტი არ განხორციელებულა.

მერი ტაბატაძე