დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი - PMCG

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის იანვარში 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 4,1%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6,7%-ით არის გაზრდილი.

ასევე, ამავე კვლევის მიხედვით, იანვარში 2023 წელთან შედარებით 0,4%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა მათი რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს. მთლიან დასაქმებულებში კი მათი წილი 2024 წლის იანვრის მდგომარეობით 1,9%-ს შეადგენდა.

ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ხოლო მათი რიცხვი, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23,3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3,4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9,8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, გასული თვის მონაცემებით 21,7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.