„უფრო მეტი ფულის საჭიროება ჩნდება“ - საწვავის იმპორტიორი მარაგების შექმნაზე

საწვავის იმპორტიორებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საგანგებო მარაგები შექმნან. შესაბამის კანონპროექტზე საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს, თუმცა როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათთან კონსულტაციები არ ყოფილა, შესაბამისად, ახალი რეგულაციის მიზანიც მათთვის უცნობია.

ამასთან, ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ კომპანიებს აქამდე 2-3 კვირიანი მარაგები ისედაც ჰქონდათ, თუმცა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს დამატებით თანხებს მოითხოვს, რაც ზედმეტი ხარჯია.

გარდა ამისა, როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ამბობს, გაურკვეველია, როგორ მოხდება ადგილობრივ ბაზარზე ფასის დარეგულირება იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის თვითღირებულება მუდმივად ცვლადია, კომპანიებს კი მარაგები შესაძლოა, განსხვავებული ფასით ჰქონდეთ შეძენილი.

“ჩვენ ამ პროცესში არ ვართ ჩართული და არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ, თავად უნდა ახსნან, რა არის ამის მიზეზი და მიზანი. რა შედეგს ელოდებიან და რატომ გახდა მარაგების შექმნა აუცილებელი. მათგან უნდა მოდიოდეს დასაბუთება. ყველა კომპანიას ისედაც აქვს მარაგები, თუმცა როგორც წესი, 2-3 კვირიანი (შეიძლება ერთ თვიანიც იყოს) და არა რამდენიმე თვიანი.

აქ ორ საკითხია, ჯერ ერთი, მარაგების გაკეთება ნიშნავს, რომ კომპანიამ წინასწარ უნდა გადაიხადოს ფული და შეიძინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს თანხები უნდა იყოს გაჩერებული, რაც დამატებით დანახარჯებს იწვევს. აქამდე რაც მარაგებისთვის იყო გათვალისწინებული, ახლა უფრო მეტი ფულის საჭიროება ჩნდება, რაც ასევე მეტ ხარჯს ნიშნავს. მეორე ამბავია, ამ დიდი მარაგს რა ფასად იყიდის კომპანია. შეიძლება, ჰქონდეს იაფად ნაყიდი და შემდეგ გაძვირდეს, ან პირიქით, ძვირად იყიდა და შემდეგ უცებ გაიაფდეს, ეს ფასების რეგულირება როგორ მოხდება?! ამას ხომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს. შეიძლება, ერთის მხრივ, კომპანიისთვის საინტერესო აღმოჩნდეს და იაფად შეძენილ საქონელი აღმოაჩნდეს, ან პირიქით.

ნებისმიერ შემთხვევაში, მეტი თანხის მობილიზებაა საჭირო კომპანიების მხრიდან. ალბათ, კომპანია გამოვა პროდუქტის თვითღირებულებიდან, რა ფასად იყიდა თავის დროზე“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.

ნინი ქეთელაური