საქართველოდან ავტომობილების 80% ევრაზიულ კავშირში გადის

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელის იანვარში, საქართველოდან ჯამში 5,477 ერთეული (112,047 მლნ აშშ დოლარის) ავტომობილი გავიდა, საიდანაც თითქმის, 80% ევრაზიული კავშირის ქვეყნებზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, წელს აღნიშნული ეკონომიკური საზოგადოების სახელმწიფოებში ჯამში 4 328 ავტომობილი გავიდა, რაც თანხებში 88,645 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, ევრაზიული კავშირის ქვეყნებში გაყვანილი ავტომობილების თითქმის 56% ყაზახეთზე მოდის, შემდეგია ყირგიზეთი 30,4%-ით და სომხეთი 13,7%-ით.

კერძოდ, 2024 წლის იანვარში საქართველოდან სომხეთი 591 ერთეული (9,399 მლნ აშშ დოლარის) ავტომობილი გავიდა, ყაზახეთში 2,419 ერთეული (33,944 მლნ აშშ დოლარი), ყირგიზეთში 1 317 ერთეული (45,303 მლნ აშშ დოლარი), ბელარუსში 1 ერთეული (11 ათასი აშშ დოლარი), რუსეთში არ გასულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ავტომობილების საიმპორტო წესს ამკაცრებს.

ფედერაციის მთავრობის განცხადების მიხედვით, გადასახადების გაანგარიშების პროცედურაში მოხდება უპირატესობების ნიველირება მათთვის, ვისაც ქვეყანაში ევრაზიულ კავშირში განბაჟებული ავტომობილები, რუსეთთან შედარებით, დაბალი განაკვეთით შეჰყავს.

შემცირებული საბაჟო ღირებულების გამო ამოუღებელი გადასახადები და მოსაკრებლები უტილიზაციის (გადამუშავების) გადასახადში იქნება გათვალისწინებული, რომელსაც ავტომობილის რუსეთში შეყვანისას ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ერთჯერადად იხდის.

უტილიზაციის მოსაკრებლის გაანგარიშების კორექტულობას ფედერალური საბაჟო სამსახური გააკონტროლებს.

ნინი ქეთელაური