ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ნარიყალას ციხეს რეაბილიტაციას ჩაუტარებს - ტენდერის შედეგი

მერიის მიერ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ამ დროისთვის გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.

ციხის რეაბილიტაცის შპს ინსი ჩაატარებს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წლის იანვარში დარეგისტრირდა. რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იან წილს ნიკოლოზ ჩიქოვანი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი არის ზვიად თოიძე.

აღსანიშნავია, რომ „ინსი“ 2023 წლის დეკემბერში შესყიდვების სააგენტომ ე.წ. თეთრ სიაში შეიყვანა.

ცნობისათვის, თბილისის განვითარების ფონდმა ნარიყალას რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერი თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება. შესყიდვის ღირებულება 13 162 286 ლარია, საიდანაც 2024 წელს დაიხარჯება - 5 268 648 ლარი, 2025 წელი კი 7 893 638 ლარი.

შეგახსენებთ, რომ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დაწყებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გასული წლის მიწურულს გააკეთა. როგორც მაშინ კალაძე აცხადებდა, „პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.

„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალას ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, - აცხადებდა კალაძე.

მაშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ რეაბილიტაციის პროცესში ნარიყალას ციხე ვიზიტორებისთვის სრულად არ დაიხურება. ციხის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების დროს შეიზღუდება.